განცხადებები

რუსთავში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 98 ოჯახს გადაეცა

  • 2022-03-23
Image

რუსთავში, წლების განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 98 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გააცნო, მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლი გადასცა და შემდგომი პროცედურები განუმარტა.

„დღეს რუსთავში კიდევ 98 ოჯახი გავახარეთ, 1 ლარად გადავეცით ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოვიცავთ ყველა ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერს. პრემიერის და მთავრობის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით ძალიან სწრაფად მიდის ეს პროცესი. კიდევ ბევრი ოჯახი ელოდება ბინის დაკანონებას და ჩვენ ამ პროცესს კიდევ გავაგრძელებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ოჯახებს, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ლარად გადაეცათ ბინები საკუთრებაში, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

„ქვემო ქართლის რეგიონში ვაგრძელებთ ბინების დაკანონებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, რუსთავში კიდევ 98 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში. ჩვენ კიდევ 200-მდე ოჯახი გველოდება, ბუნებრივია ეს პროცესი გაგრძელდება და მათ ერთი თვის განმავლობაში გადაეცემათ დაკავებული ფართები საკუთრებაში“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

2021 წელიდან დღემდე, რუსთავში დაკავებული ფართები, საკუთრებაში 600-მდე ოჯახს გადაეცა.