განცხადებები

რუსთავის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი გახდა

  • 2022-04-05
Image

გასულ წელთან შედარებით, 50 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, ქალაქს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკვე მეორედ გაზრდილი ბიუჯეტი, ახალ რუსთავში მასშტაბური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

რუსთავის ბიუჯეტში, მობილიზებული დამატებითი თანხით, ქალაქის შემოსასვლელში, თამარ მეფის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულები, სარწყავი სისტემა, თანამედროვე გარე განათება, რეკრეაციული სივრცეები, ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურაც განახლდება, დაირგვება 1680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შარტავასა და რუსთაველის სახელობის მოედნებსაც და ქალაქის შემოსასვლელიდან, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე, ოთხი სრულიად განახლებული სივრცე გაჩნდება.

მესხიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

უახლოეს პერიოდშ, დიდების ხეივნისა და თავგორაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის მიხედვით, რესტავრაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანში არსებულ მემორიალებს. ახლო მომავალში კლდიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და არაფორმალური განათლების ცენტრის - მედიათეკის მშენებლობაც დაიწყება.

დასრულების პირასაა ორი ახალი სკვერი მე-8 და მე-18 მიკრორაიონებში, სადაც ჯამში 24 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები.