განცხადებები

ნინო ლაცაბიძემ რუსთავი - თბილისის მარშრუტზე მგზავრობის ფასის თვითნებური ზრდის მიზეზებზე, „ინტერტრანსისგან“ განმარტებები მოისმინა

  • 2022-04-12
Image

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ,,ინტერტრანსის“ მიერ მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლებისგან განმარტებები მოისმინა. კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი, დღეს დილიდან თვითნებურად გაზარდა. ოფიციალური ხელშეკრულების თანახმად კი კომპანიას, ტარიფის ზრდის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის ფასის სავარაუდო მატებამდე, ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინა, თუმცა წერილობითი მიმართვა ქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ გუშინ შემოიტანა.

,,დღეს შევხვდით კომპანია ინტერტრანსის წარმომადგენლებს და მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა ტრანსპორტის ტარიფის ზრდა მერიასთან შეუთანხმებლად. რატომ მოხდა, რომ კომპანიამ ტარიფის გაზრდის შესახებ მოგვმართა მხოლოდ გუშინ და არა ერთი თვით ადრე, როგორც ეს სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა გაეკეთებინა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მათ მიმართ აუცილებლად ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიყავით კომპანიის მიმართ, როცა მათი მომსახურების ხარისხი არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს, სწორედ იმ მოტივით, რომ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა მგზავრობის ფასი. ჩვენ შევისწავლით კომპანიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს . ჩვენი უმთავრესი ინტერესია, არ დაზარალდნენ რუსთაველები და ბუნებრივია, გავითვალისწინებთ ,,ინტერტრანსში“ დასაქმებული მძღოლების ინტერესებსაც, რადგან ისინი რუსთაველები არიან და თითოეული მათგანის უკან დგას ოჯახი. მუნიციპალიტეტი პრობლემის წინაშე არც რუსთაველ მგზავრებს და არც მძღოლებს მარტო არ დატოვებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც კომპანია ,,ინტერტრანსში“ აცხადებენ, მგზავრობის ტარიფის გაზრდა საწვავის ფასის, ასევე სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების საფასურის მკვეთრმა გაძვირებამ გამოიწვია.