განცხადებები

რუსთავში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო საწარმო – ,,პოლივიმი” გაიხსნა

  • 2022-04-27
Image

რუსთავში, შპს ,,პოლივიმის” პლასტმასის ნარჩენებისა და მეორადი ბოთლების გადამამუშავებელმა ევროსტანდარტების შესაბამისმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება.

ახალი საწარმო, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატებთან და ,,პოლივიმის” წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

,,დღეს გავხსენით ,,პოლივიმის” საწარმო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მიმართულებისთვის. აქ გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი არის ეკოლოგიურად სუფთა, ხდება მეორადი პლასტმასის გადამუშავებაც, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ, თუ როგორ მოვახდინოთ ქალაქში მეორადი პლასტმასის შეგროვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. საწარმოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რადგან ერთი, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას გააუმჯობესებს და გაფართოების შემდგომ, კი უფრო მეტ რუსთაველს დაასაქმებს”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ,,პოლივიმი” მთლიანად უცხოური ინვესტიციით აშენდა და აღიჭურვა. განხორციელებული ინვესტიციის საერთო რაოდენობამ 11 მილიონი ლარია.

,,ქვემო ქართლის რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ასევე ქართველი ბიზნესმენების მხრიდან ახალი საწარმოების გახსნის. უცხოური ინვესტიციის განხორციელების მაგალითი არის ,,პოლივიმის” საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით. ახალი საწარმო არის ევროსტანდარტების შესაბამისი, რაც ეკოლოგიური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნედლეულის დასამზადებლად, მეორად პლასტმასს მოიხმარს და ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ ამ ტიპის წარმოებას”, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

,,პოლივიმი”, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაა და მისი ძირითადი ნედლეული, პლასტმასის მეორადი ჭურჭელია. საბოლოო პროდუქციის სახით, კი პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს.

,,პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დავესწარით, რომელიც თავის მხრივ უნიკალურია. ჩვენს რეგიონში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და გარდა იმისა, რომ ეს საწარმო, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში ახორციელებს შენატანებს და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, ასევე მნიშვნელოვანია, ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის კუთხითაც”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

შპს ,,პოლივიმში” ამ ეტაპზე 53 რუსთაველია დასაქმებული, საშუალო ხელფასი 1000-1500 ლარამდეა. წარმოებული პროდუქციის რეალიზება ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში ხდება.