განცხადებები

ნინო ლაცაბიძე - ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე შეიქმნება

  • 2022-05-15
Image

რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, კიდევ ერთი რეკრეაცია მოეწყობა. სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ახალ სკვერს, ღია საგამოფენო სივრცის დატვირთვა ექნება.
 
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის დეტალებს, მოადგილესთან, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ადგილზე გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაეცნო.
„დღეს ახალი პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე შეიქმნება, სადაც ისინი საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ისევ პრიორიტეტად რჩება. მე მიხარია, რომ ეს პროექტი უფრო მეტი სახელოვნებო მიმართულებით იქნება დატვირთული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
 
პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სკამები მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დამონტაჟდება, განთავსდება ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდებიც.
სკვერის ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი დამონტაჟდება ვიდეო კამერები.
 
„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება. ეს იქნება საგამოფენო სკვერი, სადაც სპეციალური სტენდები განთავსდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილაქანი მოეწყობა. ტერიტორია გაზონებით გამწვანებული იქნება, სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, სკვერში
დასასვენებელი სკამები და ინტერნეტი იქნება,“ - განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა, კობა ძლიერიშვილმა.
საგამოფენო სივრცისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „სამება“ ახორციელებს.
 
„პროექტის ღირებულება 334 439 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 120 კალენდარული დღეა. ძირითადი აქცენტი თანამედროვე საგამოფენო სივრცის მოწყობაზე გაკეთდება, სადაც ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები გამოიფინება“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.