განცხადებები

რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

  • 2022-05-26
Image

რუსთავში 26 მაისი მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან თავისუფლების მოედანზე და კოსტავას გამზირზე სადღესასწაულო, გასართობი, და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს, გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, გაიმართა ანიმატორების, დრამერებისა და ტამტამების შოუები. მთავარ მოედანზე მოწყობილია ფოლკლორული და ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები, მიმდინარეობს სპორტული აქტივობები, კონკურსები, თეატრალური წარმოდგენები ღია სივრცეში, რუსთავის საწარმოების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

„მინდა მივულოცო ჩემს რუსთავსა და სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელი დღე არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის და ამიტომაც შევეცადეთ, რუსთავში განსაკუთრებული საზეიმო განწყობა გვქონოდა. ჩვენმა ქვეყანამ 104 წლის წინ აირჩია განვითარებისა და ევროპის გზა, მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ და ჩვენი განვითარებული ქვეყანა, მომავალში კიდევ უფრო უკეთესი იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საზეიმო ღონისძიებებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ. მათ საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ირაკლი შატაკიშვილმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

„26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩემს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღეს, ვისურვებდი, რომ ძალიან მალე გვენახოს გამთლიანებული და ყველაზე მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვეპოვებინოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა მან.

გიორგი დოხტურიშვილმა კი ქვეყნის მოქალაქეებს ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

„ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ ოჯახში განაცხადი გააკეთა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ფასეულობებითა და ღირებულებებით საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებას იმსახურებს. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ვუსურვო ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება“, - განაცხადა დოხტურიშვილმა.

17:10 სთ-ზე, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ზუსტი დრო. დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო კონცერტზე რუსთაველებს ქვეყნის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს, ანსამბლი „რუსთავი“ და „თუთარჩელა“ მიულოცავენ, საღამოს დასკვნით კონცერტზე კი ჯგუფები „რეგიონი“ და Killages.