განცხადებები

რუსთავში ქალაქის შემოსასვლელის და სამი მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

  • 2022-06-17
Image

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, ქალაქის შემოსასვლელის სრულ რეაბილიტაციას და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად განიხილა.

ქალაქის შემოსასვლელში, 70 000 მ2-მდე ფართობზე, მწვანე სივრცე, გარე განათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა. დაირგვება 1680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა- ,,რუსთავი’’. 
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებსაც. 

გზის სავალ ნაწილზე, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა გაბიონები, უსაფრთხოების კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი და რეკრეაციული სივრცე.

,,დავიწყეთ კიდევ ერთი ძალიან მასშტაბური და საჭირო პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის შემოსასვლელის სრულ რეაბილიტაციას და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ქალაქის შემოსასვლელი თითქმის სრულად შეცვლის იერ-სახეს. დაგეგმილი გვაქვს დენდროლოგიური სამუშაოებიც და პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე, ყველგან გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე. მოეწყობა ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების კუნძულები, რაც უფრო კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია, მაგრამ წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაოები დასრულებული გვექნება. ჩვენთვის უმთავრესია, რომ პროექტი შესრულდეს ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს“-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძე აცხადებს, პროექტი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სარწყავი სისტემის მომარაგება მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება. ვიზუალურის გარდა, პროექტს სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს ,,ავტომობილების რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალური სატრანსპორტო კვანძები უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მძღოლებისთვის“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.

პროექტის ღირებულება, 4 მლნ 649 744 ლარია, სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.