განცხადებები

რუსთავში, ცნობილი მოგზაურის და ველომრბოლელის, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა

  • 2022-07-23
Image

რუსთავში, ცნობილი მოგზაურის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა.

ველორბოლა რუსთავის მერიისა და რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ველომარათონმა სტარტი ქალაქის შესასვლელიდან აიღო და ჭავჭავაძის ქუჩაზე დასრულდა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი ამირან ჯანჯღავა, ველომრბოლელებს შეხვდნენ და ქალაქში ველოსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნინო ლაცაბიძემ შეხვედრისას ველომოყვარულთა კითხვებს უპასუხა.

,,ველომოყვარულებმა დღევანდელი მსვლელობა ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნას მიუძღვნეს. მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს როგორც ველომეგობრული და ველოქალაქი. მე რუსთაველებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქალაქში ველოსიპედების გამრავლებას და ამ ეკოლოგიური ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მოგვიანებით, ხელოვნების სკოლაში, ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესახებ რეჟისორ გიორგი ხარებავას ფილმის - „ველოსიპედით მთვარემდე“ ჩვენება გაიმართა. ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა, წელს პირველად გაიმართა და მოგზაურის იუბილეს მიეძღვნა, სამომავლოდ კი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ჯუმბერ ლეჟავამ, მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობა 1993 წლის 13 აგვისტოს რუსთავიდან დაიწყო. ის იუნესკოს ,,მსოფლიო სპორტსმენის" ტიტულის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი და გინესის რეკორდსმენი იყო.