Image

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

საბიუჯეტო განხილვას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მერიის სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბინათმესაკუთრებათა ამხანაგობების თავმჯდომარეები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრების, პრიორიტეტული მიმართულებების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და სხვა მუნიციპალური პროგრამების შესახებ პრეზენტაცია საზოგადოებას რუსთავის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოქალაქეთა მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსულობები და ხარჯები 36 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. როგორც დავით ჯიქიამ განაცხადა, ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის განსახორციელებლად ქალაქისთვის დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში, ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. მისივე განმარტებით, მომავალ წელს მთავარი აქცენტი კვლავ სოციალურ სფეროსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაკეთდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკრებულოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, 2016 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. 17 ნოემბრიდან, საკრებულო საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ პროექტთან დაკავშირებით, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა მუნიციპალურ სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა დაიწყო, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. განხილვების დასრულების შემდეგ, საკრებულო მოამზადებს დასკვნას და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის შენიშვნებით მერიისთვის დაბრუნების ან დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე წარდგენის შესახებ.

 

 

2016-11-18

ნავიგაცია