Image

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისისა და „რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ეს დღე რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მშვიდობიანი აქციით აღინიშნა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე დავით სხირტლაძე შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს და საზოგადოებას ამ კუთხით გააქტიურებისაკენ მოუწოდეს.

დღეიდან მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიანი აქცია – “თეთრი ლენტის კამპანია” დაიწყო, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ 1999 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

2016-11-25

ნავიგაცია