Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს წევრებმა დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის პარამეტრები როგორც შემოსულობების, ისე ხარჯების ნაწილში, ადგილობრივი შემოსავლების გათვალისწინებით, 34 მლნ. 074 200 ლარით განისაზღვრა. მომავალ წელს მთავარ პრიორიტეტად ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური დაცვა რჩება, ამასთან, მნიშვნელოვნად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები.

მერიამ ბიუჯეტში ასახა საკრებულოს შენიშვნებიც, რაც ძირითადად,  სოციალურ სფეროს ეხებოდა. კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან  საკრებულოს მიერ ინიცირებული „რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების კომუნალური დავალიანებების დაფარვის პროგრამა“ ამოქმედდება, ორ არსებულ პროგრამას კი ახალი კომპონენტები დაემატება. დამატებით, სამი სოციალური პროგრამის თაობაზე გაგრძელდება კონსულტაციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საყოველთაო დაზღვევის პროგრამასთან  გაორების გამორიცხვის მიზნით.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის მოცემულ პარამეტრებს დაემატება სპეციალური ტრანსფერი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მისივე განმარტებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მოსალოდნელი დოტაციის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 12 მლნ. ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა.

დღევანდელ სხდომაზე, 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად, დეპუტატებმა მომავალი წლის მუნიციპალური პროგრამებიც დაამტკიცეს, ასევე, დაუჭირეს მხარი „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამიდან“ დამატებითი თანხის გამოყოფას, რამდენიმე მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმდინარე წლის პროგრამებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცებას.

რიგით ოცდამეათე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე უძღვებოდა, სულ 37 საკითხი განიხილეს.

2016-12-22

ნავიგაცია