Image

გაგარინის, კომუნალებისა და დუმბაძის ქუჩების, ასევე, ბოსტანქალაქისა და გაგარინის, ფიროსმანისა და მშენებელთა ქუჩების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 1 მლნ 254 996 ლარს შეადგენს, 18.000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანიამ „გზატკეცილი+“-მა შეასრულა და მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიგეგმა.

გზის საფარი აღნიშნულ ტერიტორიებზე, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობის გამო, წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებიხ დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

მოწესრიგებული საგზაო ინფარსტრუქტურა დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, მერის მოადგილეებმა – ნოდარ შეროზიამ, დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გოჩა შავაძემ, ნინო ლომიძემ და საკრებულოს სხვა წევრებმა  დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ, 2016 წელს, ქალაქის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

რუსთავში ამ დროისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. თითქმის დასრულებულია კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, სადაც ამ ეტაპზე, ტერიტორია სუფთავდება. პარალელურად, გრძელდება შარტავას გამზირზე, შუა გამყოფი ზოლის განახლება, ტროტუარების მოპირკეთება და დეკორატიული ღობეების მოწყობა ქალაქის ცენტრალური ხიდიდან დიდების მოედნამდე, ფიროსმანის #15, მაიაკოვსკის გასასვლელის #7, მე-20 მიკრორაიონის #1, მე-12 მიკრორაიონის #4, დონეცკელ მეტალურგთა #15, 17 საცხოვრებელი კორპუსების,  ლესელიძის ქუჩაზე არსებული სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება #6 საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში კი, საგრიმიორების, სველი წერტილებისა და დამხმარე სათავსოების სარემონტო სამუშაოები.

2016 წელს რუსთავში, ჯამში 17 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

2016-12-23

ნავიგაცია