რუსთავის მერიაში "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

  • 2017-03-07
Image

რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით, ქალაქში, მხუთავი აირით ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ რუსთავის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე, მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე ბოლო დროს, ბუნებრივი აირის გაჟონვის და ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირების სავარაუდო მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, გელა წერეთლის განცხადებით, ინტოქსიკაციის ფაქტები მოსახლეობის მხრიდან წყლის გამათბობლების მონტაჟისას ტექნიკური ნორმების დარღვევას უკავშირდება. მისივე რეკომენდაციით, მოსახლეობამ ე.წ. ერთკამერიანი წყლისა და ოთახის გამათბობლების ორკამერიანით შეცვლაზე უნდა იზრუნოს და პრევენციის მიზნით, ბინაში მხუთავი აირის ნორმის განმსაზღვრელი დეტექტორი დაამონტაჟოს. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსთავის მერია და ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ ერთობლივ საინფორმაციო სახის ღონისძიებებს გაატარებენ. ასევე, შემოწმდება ყველა ის ბინა, სადაც არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები კომპანიის თანამშრომლების მიერ ქსელიდან მოიხსნა და შედგენილია სათანადო აქტი. 
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.