Image

9 აპრილის ღამეს, ქვემო ქართლში რწმუნებულ – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ. მხარისა და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილთა  ხსოვნას.

წუხელვე, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქალაქის საკრებულოს წევრებმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, დიდების ხეივანში აღმართული 9 აპრილის მემორიალი სიმბოლური წითელი ტიტებით შეამკეს და  წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სამლოცველოს წინამძღოლის, მამა ალექსის მიერ, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელად გამართულ პარაკლისს დაესწრნენ. ახალგაზრდებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნის ნიშნად. ცაში ცეცხლოვანი ფრანებიც გაუშვეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაშავდა.

 

2017-04-09

ნავიგაცია