Image

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) „მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დღეს რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად შემუშავებული ტრენინგ პროგრამის შესახებ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა.

პროგრამას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების კუთხით მხარდაჭერას ითვალისწინებს,  ნიდერლანდური ორგანიზცია Ecorys ქართულ კომპანიებთან - PMCG  და GeoGraphic კონსორიციუმში ახორციელებს. ექსპერტთა გუნდი გადაამზადებს მუნიციპალიტეტების შესაბამისი დარგის წარმომადგენლებს, გაუწევს კონსულტაციებს, ასევე, ამ მიმართულებით მუშაობის ხელშესაწყობად, უზრუნველყოფს საცნობარო პრაქტიკული სახელმძღვანელოებითა და სპეციალური პროგრამული სისტემებით.

შეხვედრას,  რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე,  მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები დაესწრნენ.

„ECORYS“ –ის, PMCG–ის, GEOGRAPHIC-ის ქართველმა  და უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის აქტივობები გააცნეს და მოისმინეს მათი მოსაზრებებიც, ასევე, გაიმართა დისკუსია და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

პროგრამა წარმოადგენს „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილს, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.

„მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი“ ითვალისწინებს ტრენიგ პროგრამების განხორციელებას პროექტების ციკლის მენეჯმენტსა და ფისკალურ დისციპლინასა და ბუღალტერიაშიც.

2017-04-10

ნავიგაცია