განცხადებები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რუსთავის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

  • 2017-04-28
Image

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ კახაბერ გუგეშაშვილს, რუსთავის მერს, დავით ჯიქიას, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძეს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და რუსთავის ავტოდრომის მფლობელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა, რუსთავის საკრებულოს მიერ 29 მარტს მიღებულ იმ დადგენილებაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, ავტო-მოტო სპორტის სფეროში მომუშავე ადგილობრივი კერძო ორგანიზაციებისთვის 2022 წლის 1 იანვრამდე, ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა და დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით განისაზღვრა. 
შეღავათიანი განაკვეთის დადგენის შესახებ ქალაქის თვითმმართველობასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ავტო-მოტო სპორტის განვითარების ხელშეწყობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ავტოდრომისთვის. აქამდე არსებული განაკვეთით სპორტის ამ სახეობაში ჩართულ კერძო ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ, შეღავათიანი განაკვეთი მათ მისცემს საშუალებას, გამოთავისუფლებული თანხები სპორტული ობიექტების განვითარებას მოახმარონ. 
შეხვედრის დასასრულს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარტინგის საერთაშორისო დონის ტრასაც დაათვალიერეს, რომელიც ოფიციალურად მაისში გაიხსნება. სრულდება მოტოკროსის ტრასის მოწყობაც. 
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიის სრული მოცულობა 78 ჰექტარია, ტრეკის სიგრძე 4140 მეტრი. განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა საერთო ჯამში 25 მლნ დოლარს შეადგენს. კავკასიის რეგიონში ეს ერთადერთი სტაციონარული ავტოდრომია.