Image

რუსთავში  „საქართველოს კონსტიტუციაში  ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის  საყოველთაო–სახალხო განხილვა მოეწყო.

რუსთაველებს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით წარუდგინა.

შეხვედრას, რომელიც გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა, მხარისა და ქალაქის ხელისუფლების პირველი პირები, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები, პოლიტიკური პარტიების. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებამდე, შეკრებილმა საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული მეშახტეების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

ის მიზეზები, რამაც საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის აუცილებლობა განაპირობა, საქართველოს პარლამენტისა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზეც, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცვლილებების ძირითადი არსია: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. 

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ისაუბრეს. მოგვიანებით. მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ადგილობრივი მოსახლეობას მიეცა. კომისიის წევრებმა უპასუხეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოების მხრიდან შეხვედრისას დაისვა.

„საქართველოს კონსტიტუციაში  ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით,  საორგანიზაციო კომისიამ, რომელიც მმართველი გუნდის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომები 5 მაისს დაწყო  და დღეს, რუსთავში დაასრულა. შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავსა და მცხეთაში. შემაჯამებელი შეხვედრა 15 მაისს, თბილისში გაიმართება.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს და საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, გაგრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან, ასევე, გაიმართება კონსულტაციები, მათ შორის, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

 

2017-05-14

ნავიგაცია