Image

რუსთავის ისტორიული მუზეუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ აქციას სახელწოდებით  „მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა.

აქციის ფარგლებში, 27 მაისს, საღამოს რვიდან ღამის პირველ საათამდე, რუსთავის მუზეუმში მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული პერფომანსი, მუსიკალური წარმოდგენები, ლაზერშოუ, ვიდეოინსტალაცია, პოეზიის საღამო, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებმა აქტივობის  – „აღმოაჩინე შენი წინაპარი“ ფარგლებში, მუზეუმის სივრცეში განთავსებული რუსთაველი მშენებლების, მეტალურგების კულტურული ინტელიგენციის წარმომადგენლების ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, სადაც მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბაბუაც იყო წარმოდგენილი.

მოგვიანებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუზეუმის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც  ღია ცის ქვეშ, რუსთავის უახლესი ისტორიის ამსაველი ფოტოგამოფნა, ისტორიული პერსონაჟების კოსტიუმირებული პერფომანსი და  რუსთაველი ახალგაზრდების მონაწილეობით მუსიკალური შოუ გაიმართა.

აქციას ,,მოდი ღამე მუზეუმში“, საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს ეგიდით ჩაეყარა.  საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში, მათ შორის რუსთავშიც გაიმართა და მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულებას მიეძღვნა

 

იხილეთ ფოტოები

 

 

 

 

 

2017-05-28

ნავიგაცია