Image

რუსთავში, „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, ასევე, სფეროს ექსპერტები, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის, დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს,  ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და იმსჯელეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე.

მიწვეულმა ექსპერტებმა, შეხვედრის მონაწილეებს ქვემო ქართლის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და მოისმინეს მათი შეფასებები. ასევე, განხილული იქნა ტურიზმის მიმართულებით განსახორციელებელი ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა.

ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრის ძირითად მიზანს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მხარეში ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

2017-06-07

ნავიგაცია