Image

 

რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში,  მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის დირექტორის რჩეველი რევაზ ბარბაქაძე უძღვებოდა.

ღონისძიების მიზანს მოსახლეობისთვის ქალაქის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა და სამოქალაქო საბჭოს წევრების არჩევა წარმოადგენდა.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, მერიის ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.

მოსახლეობა პროექტის მიზნებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღო გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და 2017  წელს, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რუსთავის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების განხილვა გაიმართა და ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობიდან საბჭოს ორი წევრი აირჩიეს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო რიგითი რუსთაველებით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან ორი წევრი იქნება წარმოდგენილი. ამ გზით, რუსთავის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტების განსაზღვრაში და მრჩევლეთა საბჭოს ინსტიტუტის მეშვეობით, ზედამხედველობა გაუწიოს მის შესრულებას.  

როგორც მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ განაცხადა, მოსახლეობისთვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევის მიზნით, ანალოგიური შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

პროექტს  „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ რუსთავის მუნიციპალიტეტი ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტინიორობით ახორციელებს. ის მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში

 

2017-06-12

ნავიგაცია