განცხადებები

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

  • 2016-03-24
Image

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელ სოფიო ჯიქიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, რუსთავის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.  

ამ ეტაპზე, ხიდზე, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ამასთან, განახლდება არსებული ლითონის მოაჯირი და მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს VIII მიკრორაიონში, #2 და #9 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც  დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და დამონტაჟდება განათების სისტემა. პარალელურად, კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს წმ. ნინოს ქუჩაზე, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩასასვლელ კიბეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, კოსტავას გამზირის #22, მესხიშვილის II გასასვლელის #4 და #6 საცხოვრებელ კორპუსებთან კი მინი ფეხბურთის მოედნები ეწყობა. აღდგენითი სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს ვახუშტის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზში.
ამ დროისთვის, რუსთავში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს, რუსთავში ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. უახლოეს მომავალში ქალაქის ისტორიულ ნაწილში. კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, რისთვისაც 5 363 393 ლარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუროს სამინისტროდან გამოიყო.