Image

2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში 31 სპორტული მოედანი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის, სხვადასხვა მისამართზე, სტადიონების მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მლნ 255 515 ლარით ფინანსდება და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
აქტიურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია გრანელის, თოდრიისა და ლეონიძის ქუჩებზე. ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გზის აღდგენითი სამუშაოები გომელაურის ქუჩასა და 9 მაისი – მაიაკოვსკის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე.
გრძელდება ცურტაველის ქუჩაზე, #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა, #6 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაციაც.
ნიკოლაძის ქუჩაზე, #2 საჯარო სკოლის შენობის მიმდებარედ, ტროტუარის დამცავი ბარიერი და ღობე ეწყობა. ხოლო 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩის #9 საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის აღდგენა მიმდინარეობს.
დღეისთვის, რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, 9 მლნ 500 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.

 

2017-08-30

ნავიგაცია