Image

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

174 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა შორის 73 რუსთაველია, კომპიუტერები რუსთავის მერის მოადგილემ, დავით ლობჟანიძემ, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ, რუსთავის მერობის არჩეულმა კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს.

დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც დღეს, რუსთავის #21 საჯარო სკოლაში გაიმართა, პედაგოგები, მოსწავლეების მშობლები და სხვა მიწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, კომპიუტერებით სულ 2015 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდება. 2017 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.  პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

2017-10-26

ნავიგაცია