Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საფინანსო–საბიუჯეტო სხდომის ფორმატში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

სხდომაზე,  რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს.   

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი  პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების  ნაწილი, დაახლოებით 36 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, პრიორიტეტი კი კვლავ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს ენიჭება.

ამასთამ, 2018 წლისთვის იგეგმება სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა,  არსებულს კი 3 ახალი პროგრამა ემატება. ესენია: დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ყოველთვიურ დახმარებას (ტრანსპორტის ხარჯების დაფარვაში ხელშეწყობა) 60 ლარის ოდენობით,    სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარებას მათი საჭიროებების მიხედვით, ასევე, ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლების მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უსინათლოების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი გამცილებლებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ბიუჯეტის წარმოდგენილ პარამეტრებს ასევე, დაემატება დაახლოებით 7 მილიონი ლარის ოდენობის სპეციალური ტრანსფერი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

ბიუჯეტის პროექტის დღევანდელ განხილვას, კომისიის წევრებთან ერთად, მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

 

2017-12-18

ნავიგაცია