განცხადებები

რუსთავში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

  • 2016-04-09
Image

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს, მაჟმორიტარის ბიუროს, მერიის წარმომადგენლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, დღეს, რუსთავში, დიდების ხეივანში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 27 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, 9 აპრილის გმირთა განახლებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში, დიდების ხეივანში ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით მცირე კონცერტიც მოეწყო.
9 აპრილის მემორიალი ახალგაზრდობის ხეივანში 2010 წელს აიღეს. რუსთავის მერიის ინიციატივით, გარდაცვლილთა ახალი მემორიალი, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა და რომლის ავტორიც რუსთაველი მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა, დიდების ხეივანში რამდენიმე დღის წინ აღიმართა.


1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი, მათ შორის 14 ქალი დაიღუპა, დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.