განცხადებები

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის მერი ქალაქ ლოძის ოფიციალურ პირებს შეხვდა

  • 2018-01-22
Image

პოლონეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბიზნეს სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ლოძის ვიცე მერს, ვოიცეხ როსიცკის შეხვდა.

შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ სტუმრებს, ქალაქის არქიტექტურული და ურბანული განვითარების შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინა, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმებიც.

რუსთავსა და ლოძს შორის, დამეგობრების მემორანდუმი 1995 წელს გაფორმდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში 21 იანვარს გაემგზავრა და ლოძის გარდა, ოფიციალურ შეხვედრებს სტალოვა ვილასა და ლიუბლინშიც გამართავს.

რუსთავის თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან პოლონეთში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, მათი დანერგვის სპეციფიკას, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს, რაც 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას ითვალისწინებს.

რუსთავის მერია ჩართულია პროექტში - „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ.

რუსთავის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში 26 იანვარს დასრულდება.