განცხადებები

პროექტის – „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” პრეზენტაცია

  • 2016-04-12
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტში , ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია პროექტის კოორდინატორმა რევაზ ბარბაქაძემ წარმოადგინა.
შეხვედრას, რომელიც დღეს, რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში გაიმართა, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციის წარმომადგენელი ფლორტე ლინეკმპი, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ადამ ვაჟაკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს უფროსი სოფიკო ჯიქია, მერიის მრჩეველთა საბჭოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტი მუნიციპალური ადმინისტრაციული სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა თვითმმართველობას შორის აქტიურ კომუნიკაციასა და მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს. რუსთავის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი პრიორიტეტების განსაზღვრაში და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტის მეშვეობით ზედამხედველობა გაუწიოს მის შესრულებას.
მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობისთვის, პროექტის ფარგლებში, რუსთავში ორი მუნიციპალური შენობაც აშენდება, სადაც სადემონსტრაციოდ შერჩეული სამი ტერიტორიული ერთეული ე.წ. „სერვის პლიუსს“ განახორციელებს.