განცხადებები

რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების #6 ფილიალში ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის I ეტაპი დასრულდა

  • 2016-04-20
Image

ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების #6 ფილიალში ენერგოეფქტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულდა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალში დამონტაჟდა გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული - გამწოვი სავენტილაციო, ახალი ელექტროტექნიკური სისტემები და ენერგოეფექტური ფანჯრები. სამუშაოები სააქციო საზოგადოება „საქფეთქმრეწვმა“ შეასრულა.
#6 საბავშვო ბაღს დღეს ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების (CoMDeP) მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი იან ვანდერსი, ევროპის კავშირის პროექტების მენეჯერი ბრიუსელიდან ვიოლა კალაბრესე, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან მიურიელ ლამბერტი ესტუმრნენ და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ევროკავშირის, რუსთავის მერიის, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებმა დღესვე #40 და #41 საბავშვო ბაღებიც დაათვალიერეს, რომელთა ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარე წელს განხორციელდება.
მოგვიანებით, სტუმრებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, პარლამენტის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის (SDAP) დირექტორმა კარინა მელიქიძემ პროექტის განხორციელების ეტაპებისა და უკვე შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა.
#6 საბავშვო ბაღში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც შენობის გარე კონსტრუქციის დათბუნებას ითვალისწინებს, ზაფხულში განხორციელდება. მიმდინარე თვის ბოლომდე კი დაიწყება #40 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია.
პროექტს - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (#6, #40, #41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ - ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მერების შეთანხმების “სადემონსტრაციო პროექტების” პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი და რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ.
808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს.
განხორციელებული პროექტი რუსთავს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
2011 წელს, ქალაქი რუსთავი ევროპის საერთო ხედვას შეუერთდა და ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე აიღო ვალდებულება.