ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე“

ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ადრეულ ასაკში მათი უნარების, შესაძლებლობების განსაზღვრასა და გარკვეული მიმართულების მიცემას.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

მულტიდისციპლინური გუნდების (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეცპედაგოგი), და სამედიცინო კომისიის (ნევროლოგი, თერაპევტი, ფიზიოექიმი) მიერ:

  • ბენეფიციართა უნარების  დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ფუნქციური, აკადემიური, სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება და სწავლა;
  • სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება (ელემენტარული თვითმოვლის, შრომითი ჩვევებისა და საზოგადოებაში ქცევის წესების შესწავლა–გამომუშავება).მათი შრომითი უნარების გამომუშავება და ჩართვა სხვადასხვა შრომით აქტივობებში;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა და მზრუნველობა;
  • მშობელთა ინფორმირება (ტრენინგი, კონსულტაცია და რეკომენდაციები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მშობლების მომართვის საფუძველზე) და   ცენტრის ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა;

მომსახურება:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია და სოციალური ადაპტაცია;
  • შშმ პირთა, ლოგოპედური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დიაგნოსტიკა და სისტემატური კონტროლი;
  • თერაპიული მუშაობა (მასაჟი, გამანჯანსაღებელი ვარჯიშები, ფიზიოპროცედურა);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფუნქციური და შრომითი უნარ–ჩვევების განვითარებისთვის მათი სხვადასხვა თერაპიით უზრუნველყოფა (ხატვის თერაპია, მუსიკალური თერაპია, თიხის თერაპია, ხელგარჯილობა);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (მათ შორის ბავშვებისთვის) მათი უნარების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროგრამის შეთავაზება;

2022 წლის სექტემბერში, ცენტრს კიდევ ერთი სერვისი დაემატა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მომსახურებას ბენეფიციარები ცენტრ ,,კესანეს’’ ახალაშენებულ ფლიგელში იღებენ. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. ახალი შენობა 150 ბენეფიციარზეა გათვლილი და სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის გასაწევად.