ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

თეატრი

რუსთავის თეატრის ისტორია


1967 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობთა ერთმა ჯგუფმა, მთავარი რეჟისორის გიგი ლორთქოფანიძის მეთაურობით, სიახლის ძიების სურვილით დატოვა თეატრი და გადაწყვიტა საკუთარი, განსხვავებული სიტყვა ეთქვა თეატრალურ ხელოვნებაში. ესენი იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთევან კიკნაძე, ლეილა შოთაძე, თამარ სხირტლაძე, გურანდა გაბუნია, ზაზა ლებანიძე, ია ხობუა, მედეა ბიბილეიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, რეზო ხობუა, მალხაზ გორგილაძე, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ჯემალ გაგნიძე, ლეო ანთაძე, კოტე თოლორაია, გიზო სიხარულიძე, სოსო გოგიჩაიშვილი, შოთა სხირტლაძე, ჯემალ მაზიაშვილი. მათ შეუერთდნენ მსახიობები: ეთერ სიხარულიძე, ოთარ სეთურიძე, მანანა მაჩაბელი, გივი ხახიძე, ოთარ ქუთათელაძე, ლერი მიშველიძე, თენგიზ დაუშვილი, ნანა დათუნაშვილი, შოთა ქრისტესაშვილი, თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები: ნათელა მუხულიშვილი, ზეინაბ გზირიშვილი, ირაკლი ბექაია, თაზო თოლორაია და დიდი მსახიობი აკაკი ვასაძე. დირექტორის პოსტზე ანდრო კიკალეიშვილი შეირჩა, შემდეგ იგი შეცვალა ვახტანგ ლოლაძემ.

1967 წლის 30 ნოემბერს, რუსთავის თეატრი გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ოფიციალურად გაიხსნა – ედმონ როსტანის რომანტიკული დრამით “სირანო დე ბერჟერაკი”. მხატვრად მოწვეული იყო მამია მალაზონია, მუსიკა ეკუთვნოდა ბიძინა კვერნაძეს. დიდი წარმატება ხვდა რუსთავის თეატრს 1969 წელს, მოსკოვში გასტროლებზე და იმ პერიოდის თეატრალურ მოვლენად მიიჩნიეს (ხშირად ადარებდნენ თეატრ “სოვრემენნიკს”, რომელიც მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან დაიბადა და იოზას მილტინისის პანევეჟესის თეატრს). გასტროლები გაიმართა მოსკოვის სამხატვრო თეატრის ფილიალში. რეპერტუარში იყო: “კახაბერის ხმალი”, “სირანო დე ბერჟერაკი”, “ასი წლის შემდეგ”, “კოლხეთის ცისკარი”, “კომედიის ხელოვნება” და “ფსკერზე”. გამოჩენილი თეატრალური მოღვაწენი – მარია კნებელი, პაველ მარკოვი, ოლეგ ეფრემოვი, მარლენ ხუციევი, ბორის ლვოვ–ალიოხინი მოიხიბლნენ თეატრის მიერ კლასიკური ნაწარმოების ორიგინალურობითა და ახალგაზრდა დასის შემოქმედებითი თვალთახედვით. მეტად ზუსტი და ნიშანდობლივია კ. სტანისლავსკის მოწაფის,  გ. ლორთქიფანიძის პედაგოგ მ. კნებელის ეს აზრი: “სპექტაკლის ანსამბლურობა მსახიობთა ინდივიდუალურობის რელიეფურობა, სიტყვის, ჟესტის, მოძრაობის ჰარმონიულობა. მაყურებელი გრძნობს, რომ სცენაზე მსახიობები ფიქრს კი არ თამაშობენ, არამედ ფიქრობენ”. წლების მანძილზე, რუსთავის თეატრის სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ ცნობილი რეჟისორები: ლილი იოსელიანი, გოგი ქავთარაძე, მედეა კუჭუხიძე, მიხეილ ბუკია, ლევან წულაძე, ანდრო ენუქიძე და სხვები. თეატრის რეპერტუარში ასობით სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლი მოხვდა.

2004 წელს რუსთავის თეატრს შეუერთდა რუსთავის საბავშვო თეატრი და მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდა.