ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ისტორია

რუსთავი – ძველი ქალაქი

 რუსთავის ტერიტორიის ათვისება შუა ბრინჯაოს ხანაში

რუსთავის ტერიტორიის ათვისება შუა ბრინჯაოს ხანაში, ძველი წელთარღიცხვით II ათასწლეულის I ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდში რუსთავში მდინარე მტკვრის მარჯვენა მდინარისპირა პლატოზე, ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების კუთვნილი პირველი  სამაროვანი გაჩნდა. ამ სამაროვნიდან მხოლოდ ერთი ნივთი არსებობს – წითლად გამომწვარი და შავად მოხატული ქოთანი, რომელიც ძველი წელთაღირცხვის  XVIII-XVII საუკუნეებით თარიღდება.

2020 წელს, ქალაქის მარცხენა ნაპირზე რუსთავის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაითხარა ამავე პერიოდის -შუა ბრინჯაოს ხანის ფინალური ეტაპის (XVII-XVI სს.) ქვაყრილიანი ორმოსამარხი. სამარხი მიეკუთვნებოდა 21-25 წლის ქალს, რომელსაც ჩატანებული ჰქონდა 9 სააღაპე თიხის ჭურჭელი: ხორცეულის,  ხორბლეულის, მხალეულის, ნიგვზიანი და ქავნისაგან დამზადებული შეჭამნადებიანი სკვებებით. სამარხში, ასევე, დადასტურდა შეწირული ცხოველების,  ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლის ნაშთები.  ჩანს, რომ  შუა ბრინჯაოს ხანიდან  რუსთავის ორივე ნაპირი ათვისებულია ადგილობრივი მოსახლეობით.

გვიან ბრინჯაოს ხანაში – ძველი  წელთაღრიცხვით II ათასწლეულის II ნახევრიდან,  როცა სამხრეთ კავკასიაში რკინის მოპოვება – დამუშავება და ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის თანამდევი პროცესები დაიწყო, ეს ტერიტორიები უფრო ინტენსიურად აითვისეს. ახალი დასახლებები გაჩნდა მტკვრის ორივე ნაპირზე,  სადაც წყლის სიახლოვე, ნოყიერი ნიადაგი, თავდაცვისათვის ბუნებრივად შემოზღუდული გარემო და რბილი კლიმატი ხელსაყრელ საარსებო პირობებს ქმნიდა. ნასახლარები აღმოჩენილია “რუსთავის ციხის” გორაზე, მის მოპირდაპირედ, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ჩათმის მთაზე და სხვა. ამ პერიოდის ცალკეული სამარხებისა თუ სამაროვანთა გეოგრაფიაც საკმაოდ ფართოა. ამ პერიოდში მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობასა და სარწყავ მიწათმოქმედებას, განვითარებული იყო ხელოსნობის დარგები: მეთუნეობა, ლითონის, ტყავის, ხის  დამუშავება და სხვა.

რუსთავის წარმოშობა

XI საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის  მიხედვით, რუსთავი ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ცოლმა ააშენა, შემდგომ კი შვილს  – კუხოსს გადასცა, რომელმაც, ლეონტის აზრით, სათავე დაუდო ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ქართული ტომს –კუხებს. მისი მეორე ცნობის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობისას, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, დიდ მცხეთასთან, ურბნისთან, უფლისციხესთან, სარკინესთან, კასპთან და სხვა ქალაქებთან ერთად უკვე რუსთავიც არსებულა. ამ მოსაზრების დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ იაღლუჯის მთასა და ცურტაველის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი წელთაღიცხვით V-II საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაოდაა დაცილებული, მაგრამ შესაძლოა ანტიკურ ეპოქაში რუსთავი, მცხეთის მსგავსად, სწორედ ცალკეულ, ურთიერთდაცილებულ უბნებად იყო გაშენებული.
ამ ვარაუდს ამყარებს მარცხენა ნაპირზე, მშენებელთა ქუჩასა და მდინარე მტკვრის ჭალაში, წყალსაქაჩთან აღმოჩენილი მოგვიანო ხანის (I-IV საუკუნეები.) ცალკეული სამარხები თუ ნასახლარები.  ასევე, ნამოსახლარი და სამაროვანი მარჯვენა ნაპირზე და ერთი სამარხი მარცხენა სანაპიროზე (III-IV საუკუნეები).

რუსთავი IV-XIII საუკუნეებში

როგორც წერილობითი წყაროები აღნიშნავენ (“ქართლის ცხოვრება“ და “მოქცევაი ქართლისაი”), IV საუკუნის ბოლოს ქართლის სამეფო ტახტისთვის ატეხილი დინასტიური დავის შემდეგ, მირიან მეფის გარდაცვლილი  შვილის, რევის ცოლმა – სალომე უჯარმელმა და მისმა შვილებმა საგამგებლოდ კუხეთის საერისთავო და მისი ცენტრი – რუსთავი მიიღეს. მოგვიანებით გამეფებულმა მირიან მეფის შვილიშვილმა თრდატ რევის ძემ (383-395 წლები) რუსთავის (ყარაიას) ველების მოსარწყავად მტკვრიდან არხი “გამოიღო’’.  არხმა განსაზღვრა რეგიონის სამეურნეო პროფილი და ქალაქის სახელიც კი (რუს თავი – რუს, ანუ არხის სათავე), თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თრდატმა აქ ჯერ კიდევ გვიან ბრინჯაოს ხანიდან არსებული, შედარებით მცირე არხი გააფართოვა და განაახლა. მანვე ააშენა ეკლესია და როგორც ჩანს, რუსთავის ციხეც.

რუსთავში განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგი – მეთუნეობა, ლითონისა და მინის წარმოება, ვაჭრობა და სხვა. მოსახლეობა წერა – კითხვის მცოდნე იყო, რასაც ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული წარწერები საფლავის ქვებსა თუ თიხის ჭურჭელზე. IV-VIII საუკუნეების რუსთავს “ბოსტან-ქალაქსაც” უწოდებდნენ (“ვოსტან” – საუფლისწულო), რადგან ამ დროიდან ის რევიან უფლისწულთა რეზიდენციად და საუფლისწულო ქალაქად იქცა. რუსთავის დაწინაურებას ამ ფაქტორთან ერთად, ხელს უწყობდა სავაჭრო გზების სიახლოვეც.
ციხე, ქალაქი და მისი სამაროვანი დღევანდელი სპორტის,  ფიროსმანისა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებს შორის მდებარეობდა და საინტერესო დაგეგმარება ჰქონდა. ქალაქის ცენტრში ეკლესია იყო აღმართული, ეკლესიის ეზოში დიდგვაროვანთა ნეკროპოლი მდებარეობდა და ქვის რელიეფებით დამშვენებული სტელები იდგა. ეკლესიისაკენ სწორხაზოვნად გაყვანილი ქუჩები მიემართებოდა, რომელთაც სავაჭრო რიგები მიუყვებოდა. აქ იყო მდიდრული საცხოვრებელი უბანი, გათლილი ქვისაგან ნაგები კაპიტალური შენობებითა და რიგით მოქალაქეთა უბრალო საცხოვრებლებით. მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქის ეს ნაწილი შემოზღუდული უნდა ყოფილიყო. (1953 წ. ციხის სიახლოვეს შემთხვევით გამოჩენილი მძლავრი 2,5 მ. სიგანისქვის კედელი, შესაძლოა ამ ზღუდის ნაშთი იყო). მეორე საცხოვრებელი უბანი  მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა, მტკვრიდან  დღევანდელი ვახუშტისა და გურამიშვილის ქუჩების ხაზამდე. ქალაქის მოსახლეობა 20 000 კაცზე მეტს შეადგენდა, ხოლო მისი საერთო ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარს მოიცავდა.
V-VIII საუკუნეებში რუსთავი საუფლისწულო ქალაქი და კუხეთის საერისთავოს ცენტრი იყო, V საუკუნიდან კი –საეპისკოპოსო ცენტრიც.              
735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, რუსთავი დაინგრა და შემდგომში მხოლოდ მტკვრის მარცხენა ნაპირზე აგრძელებდა არსებობას. VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ის კახეთის მთავარმა გრიგოლმა დაიკავა. კუხეთის საერისთავო გაუქმდა და კახეთს შეუერთდა.
IX საუკუნეში დაზიანებული ციხე აღადგინეს და მას ახალი, ძლიერი ზღუდე შემოარტყეს. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში სასახლე  აშენდა, რომელიც თავისი გეგმარებით სრულიად განსხვავებულია საქართველოს სხვა ცნობილი სასახლეებისაგან.
სინას მთაზე აღმოჩენილი X ს. ხელნაწერის მიხედვით, რუსთავში IX საუკუნეში რუვისთაველთა (რუსთაველთა) საგვარეულო არსებობდა, რაც ამყარებს თვალსაზრისს შოთა რუსთაველის ამ ქალაქიდან წარმოშობის შესახებ.
IX საუკუნეში რუსთავი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1068 წელს ის ალფ-არსლანმა აიღო. ქალაქი მეფე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. მისი სიკვდილის შემდეგ ის ჯერ ლიპარიტ ბაღვაშს ეკავა, შემდეგ კი კახეთის ქორეპისკოპოსს. XI საუკუნის 80-იან წლებში რუსთავი თურქ-სელჯუკების ხელში იყო. 1115 წელს ის დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა. ამ დროიდან რუსთავი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარეს, კვლავ გამოცოცხლდა საქალაქო მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგები, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა. მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები, აშენებდნენ ვენახს, ყვაოდა ხელოსნური დარგები – მეთუნეობა და მინის დამუშავება. ინტენსიურად ვაჭრობდნენ მეზობელ ქვეყნებთან. ადგილობრივი ფეოდალებისა და სამეფო მოხელეების გარდა, მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა ეკლესიაც. თამარ მეფის დროს, რუსთავმა რამოდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ამ პერიოდში ციხე და მისი სასახლე კიდევ ერთხელ განაახლეს, უშუალოდ ქალაქს კი შედარებით მცირე ტერიტორია ეკავა, ვიდრე  VIII საუკუნეში.  
თავისი განვითარების ზენიტში, 1265 წ. ქალაქი საბოლოოდ განადგურდა ბერქა ყაენის შემოსევის შედეგად. ამიერიდან რუსთავი მთელი გვიან შუასაუკუნეების მანძილზე მხოლოდ მცირე დასახლება იყო, რომლის მოსახლეობაც ციხის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. რუსთაველმა ეპისკოპოსმა მარტყოფში გადაინაცვლა, თუმცა ისევ რუსთველად იწოდებოდა.

დაკნინების ხანა

XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, რუსთავის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე რუსთავში ერეკლე პირველმა საზამთრო რეზიდენცია მოიწყო.  ვახტანგ VI-ს, რომელმაც გამაჰმადიანებულ ერეკლეს, იგივე ნაზარ-ალი ხანს ეს სასახლე  დაუნგრია, კარგად ესმოდა რუსთავისა და ყარაიას ველის სამეურნეო – ეკონომიკური მნიშვნელობა. ამიტომ მან აღადგინა რუსთავის არხი, მაგრამ ქალაქის აღდგენა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი მოსახლეობა რუსთავში მაინც დარჩა.
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოსა და მთელი კავკასიის შეერთების შემდგომ რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონში ფეხის მტკიცედ მოკიდების მიზნით, აქტიური ქმედებები დაიწყო. დედოფალ მარიას და “კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” ინიციატივით, 1865-67 წწ. ვახტანგ მეფის მიერ ადრე აღდგენილი, მაგრამ ახლა უკვე მოშლილი რუსთავის არხი განაახლეს და «Марииский канал» უწოდეს. ციხეზე მცირერიცხოვანი მომსახურე პერსონალი განთავსდა. როგორც ჩანს, ამავე დროს მდინარე მტკვარზე ხიდიც არსებობდა, რომელიც 1903 წელს ერთ-ერთ რუსულ რუკაზეა აღნიშნული. ადგილობრივი მოსახლეობა აღარ შემორჩა. ციხის სიახლოვეს მესაქონლეები დამკვიდრდნენ, რომლებიც ტერიტორიას საძოვრად იყენებდნენ, ციხეს კი “რიშ-ყალას” სახელით მოიხსენებდნენ. რუსთავის ნაქალაქარზე მხოლოდ ციხის ნანგრევები ჩანდა, ამიტომაც, მკვლევარები მას “ნაგებს”  – ადრე აგებულს უწოდებდნენ. 1922 წელს რუსთავის ადგილას მხოლოდ ციხის ზღუდის ნაშთი და მცირე ზომის ეკლესია იყო შემორჩენილი. 
1926 წელს პავლე ინგოროყვას ნაშრომის – “რუსთაველიანას” გამოქვეყნების შემდეგ, სამეცნიერო მიმოქცევაში დამკვიდრდა ციხის არასწორი სახელი – არიშის ციხე, რადგან მეცნიერი მას ჰერ არიშიანთა კუთვნილებად თვლიდა, რაც სინამდვილეში არასწორი მოსაზრებაა.


მასალა მოწოდებულია : “რუსთავის ისტორიული მუზეუმის” მიერ

გამოყენებული ლიტერატურა:

ალექსიძე ზ. ახალი ცნობა რუვისთაველთა სახლის შესახებ. გაზ. `ლიტ. საქართველო~ 1991. #14
არჩვაძე თ.  ჩიკოიძე ც.  ჩხატარაშვილი მ. რუსთავში გათხრილი საერო სასახლე. კრებული რუსთავი III. თბ. 2005.
არჩვაძე თ: ჩიკოიძე ც; ჩხატარაშვილი მ; ჯანდიერი ე.  კუხეთის რუსთავი. კრებული `ძეგლის მეგობარი~ # 67. თბ. 1984.
Иващенко М.  Рустави. / Археологическая разведка. 1945 г./
Иващенко М.  Руставский могилъник /Археологические раскопки/ 1946 г.
Карта Кавказскаго военнаго округа. 1903г. Тифлисъ.   
ლომთათიძე  გ. რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის უმნიშვნელოვანესი შედეგები.   მსკა. ტ. I თბ. 1955.
პაჭიკაშვილი ნ. ქალაქ რუსთავის სამაროვნები. IV-IX სს. დამდეგი. ავტორეფერატი. თბ. 2006.
პაჭიკაშვილი ნ. რუსთავის ისტორია. რუსთავის ისტ. მუზეუმი. ხელნაბეჭდი. 2006.ნ.

პაჭიკაშვილი, ძველი რუსთავი, თბ. 2014 წ.
`რუსთავი~ კრებული. თბ. 1988.
`რუსთავი~ II. კრებული. გამომცემლობა `ინტელექტი~ თბ. 1998.
`რუსთავი~ III. კრებული. საქ. მეც. აკად. არქ. კვლევის ცენტრი. თბ. 2005.

ჭილაშვილი ლ. ქალაქი რუსთავი. თბ. 1958.
ხავთასი მ. საიდან მოვდივართ. რუსთავი 2008. საიუბილეო გამოცემა.
ჩხატარაშვილი მ. მინის ჭურჭელი რუსთავიდან. კრებული ძიებანი #4. თბ. 1999


არქეოლოგიური მონაპოვარი 

რუსთავის არქელოგიური შესწავლა

რუსთავის არქელოგიური შესწავლა 1944 წელს, ძველ ნაქალაქარზე ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნისა და ახალი დასახლების მშენებლობა დაიწყო. 1948 წლის 19 იანვარს, დასახლებას ქალაქის სტატუსი
მიენიჭა. ახალი რუსთავი ინდუსტრიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, აქ წარმოებული პროდუქცია კი  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადიოდა. 

რუსთავის მშენებლობის პირველ ხანებშივე ნათელი გახდა, რომ ქალაქი ძველ, შუა საუკუნებიის ნაქალაქარზე შენდებოდა. რაც მიწის სამუშაოებითა და მცირე არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა.

1944–48 წლებში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარეს მ. ივაშჩენკომ და ნ. ღამბაშიძემ. 1949 წ. შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული ინსტიტუტის რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია, ცნობილი არქეოლოგის გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაიწყო რუსთავის გეგმაზომიერი შესწავლა. 1949 წლის აპრილიდან რუსთავში სისტემატური არქეოლოგიური  კვლევა დაიწყო, გაითხარა რუსთავის ციხისა და არხის აღმოსავლეთ ფლასტისპირა ზეგანზე განფენილი ნაქალაქარის უბნები. ამავე წელს, შესწავლილი იქნა მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს ციხის მოპირდაპირედ მდებარე სამაროვნები (ცურტაველისა და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია) გამოვლენილი და შესწავლილი იქნა ძირითადად შუა საუკუნეების (IV-XIII სს) კუთვნილი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები – რუსთავის ციხე, ნაქალაქარი და სამაროვნები, აგრეთვე ბრინჯაოსა და ელინისტური ეპოქის კულტურული ფენები – სამარხები, ნასახლარები და სხვა.

ქალაქის ტერიტორიაზე გაითხარა სხვადასხვა პერიოდის, დაწყებული შუა და გვიან ბრინჯაო -ადრერკინის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით არქეოლოგიური ძეგლები, გაnსაკუთრებით წარმოჩინდა შუა საუკუნეების ქალაქის ციხე ციტადელი სამი სხვადასხვა პერიოდის (IV–V, VIII-IX, XI-XII სს), აბანოები (VI-VIII, XII-XIII სს, ) .

მნიშვნელოვანი არქqოლოგიური ძეგლები გამოვლინდა ციხის გარშემო განფენილ ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე. რიყის ქვით ნაგები საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, მარნები, ეკლესიისკენ მიმავალი ქუჩა ქულბაქებით, ხოლო მდიდრულ უბნებზე კაპიტალური, ქვით ნაგები, წითლად შეღებილი კრამიტია და ანტეფიქსებით შემკული შენობები, რუსთავის ერისთავთ (რევიანთა) სამაროვანი ქვის სარკოფაგები, სამეთუნო სახელოსნო.

ინტენსიური კვლევა–ძიება მიმდინარეობდა 1959–65, 1972-1989, 2003, 2006-2008 წლებში. 2003 წლამდე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, ხოლო შემდეგ – ადგილობრივი თვითმმართველობა და რუსთავის ისტორიული მუზეუმი. ექსპედიციას  ხელმძღვანელობდნენ მისი დამაარსებელი და სულისჩამდგმელი გ. ლომთათიძე, მ. მიწიშვილი, ნ. უგრელიძე, ც. ჩიკოიძე (1976-2006 წწ). 2006 წლიდან კი ნ. პაჭიკაშვილი. ექსპედიციის მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვით გ. ლომთათიძის მოწაფეებს  – თ. არჩვაძეს, მ. ჩხატარაშვილს, ე. ჯანდიერს და სხვ.

2006 წელს კუხეთის (რუსთავის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ტერიტორიაზე (წმ. ნინოს ქუჩაზე, გორგასალის ეკლესიის ეზოში) წინა წლებში დაწყებული გათხრები გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა: IV-XIII სს. საცხოვრებელი ნაგებობები, მათ შორის სასახლეებიც; VI-VII სს. ქალაქის დაწინაურებული ფენის ნეკროპოლი (სარკოფაგები, ქვის სამარხები); VIII-IX სს. თიხის ჭურჭლისა და კრამიტის გამისაწვავი ოთხი ქურა; XI-XIII სს. რიგითი მოქალაქეების სამაროვანი.

2007 წელს გათხრები გაგრძელდა რუსთავის ციტადელზე. გაითხარა IX-XI სს. ორსართულიანი სასახლის ნაწილი და ციხე-სიმაგრის ბურჯები, IV ს. არხის ფრანგმენტი.

2008 წელს გაგრძელდა მუშაობა ციტადელის IX-XI სს. სასახლეზე; გამოვლინდა IV ს. 25 მ მონაკვეთი.  არხის გაწმენდისას აღმოჩნდა ჩუქურთმიანი სტელის ფრაგმენტები. 2020 წელს ციხე-სიმაგრის ჩრდილოეთ სექტორში პირველად აღმოჩნდა შუა ბრინჯაოს ხანის ფინალური ეტაპის (ძვ. წ, აღ. -ს XVI-XV სს.) ქვაყრილიანი სამარხი.

დღეის მდგომარეობით,  რუსთავის არქოლოგიური ძეგლები ნაწილობრივაა გათხრილი და კვლევას საჭიროებს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსთავის ციხე და IX-XIII საუკუნეების სასახლე, რომლის შესწავლა შეჩერდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება თამამად
ითქვას, რომ რუსთავის ციხის სასახლე ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლია და აღმოჩენილ მასალასთან ერთად, განვითარებული შუა საუკუნების საქართველოს მატერიალური კულტურის მაღალ დონეზე მიანიშნებს. არქეოლოგიური გათხრების
შედეგად, დაგროვდა მდიდარი არქეოლოგიური ფონდი. დაახლოებით 40 000-მდე ექსპონატი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ და რუსთავის ისტორიულ მუზეუმებში. მასალებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს წარმოდგენა ქალაქის ისტორიის შესახებ, რუსთავი წარმოჩინდა როგორც საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი და შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ქალაქი. ცხადი გახდა მისი შემდგომი შესწავლის აუცილებლობაც.


ახალი ისტორია

ძველი რუსთავის ახალი სიცოცხლე

რუსთავის მშენებლობას საფუძველი საბჭოთა ეპოქაში, 1944 წელს, ამიერკავკასიაში უდიდესი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პარალელურად ჩაეყარა.  ახალმა სამრეწველო დაბამ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი 1948 წელს მიიღო. ამავე წელს, სახელები მიენიჭა ქალაქის პირველ ქუჩებს, ეს იყო : “ახალგაზრდა კომუნარების”,  “რუსთავის მშენებელთა” და”ბოსტან-ქალაქის” ქუჩები.

თანდათან განვითარდა საქალაქო ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ფართო ქსელი. კიდევ ერთხელ განახლდა რუსთავის არხი. მოსახლეობა ადგილობრივი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოყვანილი კადრების ხარჯზე იზრდებოდა. 1944 წელს გაიხსნა პირველი სკოლა, 1950 წელს გამოადნეს პირველი ქართული ფოლადი, 1954 -ში — თუჯი და კოქსი, 1956 წელს  კი ამიაკი.

1950 წელს გაიხსნა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1967 წელს – პირველი თეატრი. რუსთავი მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრად იქცა. 1988 წელს ქალაქში 35 მსხვილი საწარმო ფუნქციონირებდა. მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, “აზოტის”, “ქიმბოჭკოს”,” ცემენტის”, “ლითონკონსტრუქციის” და “ამწემშენებელი” ქარხნები. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად, მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა, შედეგად, კი 90-იანი წლებში ქალაქი უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

2004-2006 წლებში განხორციელდა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბური პრივატიზაცია, რომელმაც ნაწილობრივ რუსთავის საწარმოებიც მოიცვა. ქალაქის ეკონომიკამ დაიწყო სტაგნაციიდან გამოსვლა. ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა რეფორმები, რაც დადებითად აისახა ქალაქის განვითარებაზე. ქალაქის მიმართ გაიზარდა ინტერესი, რასაც მოყვეა კერძო ინვესტიციების შემოდინება. შედეგად, ნელ–ნელა მოწესრიგდა  რუსთავის კომუნალური სფერო, ქალაქს კი მოეხსნა ელექტრომომარაგებასთან, წყალმომარაგებასა და გაზმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ დროისთვის, რუსთავში განთავსებულია რამდენიმე მსხვილი მეტალურგიული და სამშენებლო საწარმო, ცემენტისა და ქიმიური მრეწველობის ქარხანა.  სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ამოქმედდა რამდენიმე ახალი საწარმოც. 2015 წელს დაწყებული პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” დაფინანსებით, ფუნქციონირებს სხვადასხვა სამრეწველო ობიექტი. 2014 წლიდან აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი შენობების  სახურავებისა და ფასადების, ქალაქის ცენტრალური გამზირების,  შიდა კვარტალური გზების,  საბავშვო ბაგა–ბაღების,  ქალაქის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც განახლდა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი, რითაც ქალაქს საუკეთესო დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეემატა. მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავის სხვადსხვა უბანში მიმდინარეობს არსებული სკვერების კეთილმოწყობა და ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა. განხორციელდა კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელმაც მთლიანად შეუცვალა იერსახე რუსთავის ერთ–ერთ ძველ ქუჩას. დასრულდა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი და უახლოეს პერიოდში დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქის შემოსასვლელისა და სამი მოედნის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. 

რუსთავში განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლობები, მათ შორის იუსტიციის სახლი, სახელმწიფო მომსახურების სააგენტო, რეგიონული არქივი, ასევე, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის – „112“ -ის პირველი რეგიონული ოფისი. 

რუსთავი წარმოადგენს თვითმმართველ ქალაქს და მინიჭებული აქვს სახელწოდება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. რუსთავის ხელისუფლებას წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლება – მერია საყოველთაო კენჭისყრის შედეგად არჩეული მერის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ოცდათხუთმეტკაციანი შემადგენლობით. მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს წარმოადგენს მერი, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელობს საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე. ქალაქი დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულად და 7 სამაჟორიტარო ოლქად.  თითოეული სამაჟორიტარო ოლქიდან არჩეულია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესებს ხელისუფლებაში.  თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულია მერის წარმომადგენელი, რომელსაც აკისრია ლოკალურ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქცია. ბოლო მონაცემებით, რუსთავში 130 100 ადამიანი ცხროვრობს, რომელთა შორის სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებიც არიან.