ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” ტექნოპარკი განაახლა.
ახალი ტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მე-7 მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.
,,გვქონდა პრეზენტაცია ტექნიკის, რომლის მეშვეობითაც, ქალაქის მოვლა-პატრონობას, კიდევ უფრო ეფექტურად შევძლებთ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მერიის გუნდმა, რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად შეძლოს ქალაქის მოვლა-პატრონობა და გამწვანებული არეალების განვითარება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, შეძენილი ახალი ტექნიკის გამოყენებით, კიდევ უფრო ეფექტური გახდება ჩვენი შრომა, ჩვენი ქალაქი, კი უფრო სუფთა და მოწესრიგებული გახდება.”- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მე-7 -მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებული გზა, ახალი ტექნიკის გამოყენებით გაიწმინდა.
,,რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა და არსებულის გამწვანება, რასაც განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. რუსთავის მერიამ ამისთვის განაახლა ავტოპარკი, შეძენილია 21 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა, რაც ქალაქის მოვლა-პატრონობას გააიოლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით უზრუნველყოფა, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
,,სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების დახვეწა და განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის კარგი მაგალითია, დღეს რუსთავის მერიის მიერ შეძენილი ის ახალი და თანამედროვე ტექნიკა, რომელიც გაცილებით უფრო სუფთას და მოწესრიგებულს გახდის ჩვენს ქალაქს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის მერიამ, ქალაქის დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრისთვის” სამი ახალი ნაგავმზიდი, ათი ერთეული გზის დასასუფთავებელი მოწყობილობა – ხელის სვიპერი, ოთხი გზის გამწმენდი – მანქანა სვიპერი, ორი ქუჩის მოსარეცხი მანქანა, ამწეკალათა და ექსკავატორ-დამტვირთველი, ჯამში 21 ერთეული ახალი ტექნიკა შეიძინა. ქუჩების საწმენდი მანქანების, ე.წ. სვიპერების შეძენის აუცილებლობა, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობამ განაპირობა. ახალი სკვერების და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობისთვის, კი შესაბამისი სარწყავი ტექნიკაა შეძენილი. განახლდა დასუფთავების სამსახურის ტექნოპარკიც. ახალი ექსკავატორი და ამწე- კალათაა შეძენილი სხვადასხვა სახის სამუშაოს შესასრულებლად.