საპილოტე პროგრამა, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს, რუსთავის მერიას, ,,ეფეს საქართველო“-სა და „ეკოჯეოპეთ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება.
სამმხრივ მემორანდუმს ხელი რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს.
,,რუსთავში ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს. დღეს გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი შპს ,,ეკოჯეოპეთ”- თან და ,,ეფეს საქართველოსთან“ . საპილოტე პროგრამა სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება და განხორციელდება. პროგრამა, გარდა იმისა, რომ ეკომეგობრულია, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და დასუფთავების ხარჯის შემცირებასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.
სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამა რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების 10 ეზოში მეორადი პლასტმასის ბოთლების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსებას გულისხმობს.
„ეფეს საქართველოსთვის“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს მორიგი გარემოსდაცვითი პროექტია. ახალი პროგრამა, რომელიც პლასტმასის (PET) ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს, ვფიქრობთ, რომ რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს საპილოტე პროექტი, წარმატების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ მასშტაბი და ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებშიც დავნერგოთ მსგავსი ინოვაციური მიდგომები“, – განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.