რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ.
საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, ასევე სკვერები და პარკები.
საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება და ნაძვის ხეს, რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, წელსაც უფლისწული აანთებს.
,,რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის გუნდი ვიყავით ჩართული, უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველას ვიწვევ ოჯახებთან ერთად, რადგან დღეს ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საღამო იქნება. სადღესასწაულო გარემო, მთავარ ნაძვის ხესთან 7 იანვრის ჩათვლით იქნება. გაიმართება საშობაო ბაზრობა, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და კონცერტები, იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა შევუქმნათ თითოეულ რუსთაველს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ნახევრად ზღაპრული გარემოსა და უფლისწულის გარდა, დღეს რუსთავის მთავარ ნახვის ხესთან შეკრებილებს ნატო გელაშვილის და ძმები ჭოხონელიძეების, ანსამბლ ,,თუთარჩელასა” და კამერული ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ.
16 დეკემბრიდან, შობის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც რუსთაველები და ქალაქის სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამების ყურებას, რუსთაველი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრებას შეძლებენ. საახალწლო ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
31 დეკემბრის ღამის 11 საათიდან კი გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი”, ,,შვიდკაცა”, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. გალა-კონცერტს, ჯგუფი ,,რეგიონის” კონცერტი დაასრულებს.