რუსთავში, დასასრულს უახლოვდება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი სკულპტორები, ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან ქანდაკებებს.
,,რუსთავის ცენტრალურ პარკში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ. სპეციალურად სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სივრცეში 13 მოქანდაკე მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქისთვის უნიკალური სკულპტურები შეიქმნას. 29 ივნისს გვექნება საერთაშორისო სიმპოზიუმის გრანდიოზული დახურვა და ვნახავთ შედეგს – სკულპტურებს, რომელთაც ქალაქში სხვადასხვა ადგილზე განვათავსებთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, მომავალ წლებშიც გაგრძელდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სიმპოზიუმში, 8 ქართველი და 5 უცხოელი – ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები იღებენ მონაწილეობას. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში მოწვეული ხელოვანების სტატუსით, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი არიან ჩართულები.
სიმპოზიუმის ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90 იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რუსთავის მერიამ წელს აღადგინა. ქანდაკებები, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში, 8 ივნისიდან იქმნება და ამ პროცესის დაკვირვების საშუალება, ყველა მსურველს აქვს.
რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების წევრია.