რუსთავის ურბანული განვითარების და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერია, 2025 წელს, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს და თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65,5 პროცენტით გაზრდილი რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტი, რუსთავის ურბანული განვითარების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტის დელეგატთან რუსთავიდან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ადგილზე გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში გააცნო.
,,პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით გაზრდილი ბიუჯეტით, რუსთავის მერიის გუნდს მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს. ერთ-ერთი პროექტი, სწორედ, თბილისის ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაციაა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. დღეს შევხვდით აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას, ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, რაც პროექტის მიმდინარეობისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერია, თბილისის ქუჩაზე არსებული ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას დაიწყებს. 2025 წელს, 7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 11 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაა განსაზღვრული. გათვალისწინებულია დასასვებებელი მწვანე ზონების და ტროტუარების მოწყობა, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
თბილისის ქუჩა, დედაქალაქიდან რუსთავში შემომავალი ალტერნატიული გზაა, რომელიც ძველ რუსთავს, ქალაქის შუაგამყოფი ხიდით, პირდაპირ უკავშირდება. შესაბამისად, მას რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს. განახლებული და რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობის გარდა, ფაქტობრივად მთელი ქალაქი მიიღებს.
გარდამავალი პროექტი, თბილისის ქუჩის სრულ რესტავრაციას ითვალისწინებს და 2026 წელსაც გაგრძელდება.