ნინო ლაცაბიძე: წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნის სამარხები აღმოვაჩინეთ, რაც რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დადასტურებაა

რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.

სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნის სამარხები აღმოვაჩინეთ, რაც რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დადასტურებაა. ქალაქის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ტერიტორიის შესწავლას არქეოლოგთა ჯგუფი მალე დაიწყებს“, –  განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო სამუშაოები, აღმოჩენილი სამარხიდან მოშორებით, გზის მეორე პერიმეტრზეც არქეოლოგთა მეთვალყურეობით გაგრძელდება.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ტერიტორია, როგორც მტკვრის სანაპირო ზოლი დასახლებული იყო. დღეს ნანახი სამარხები, ანალოგიების და ტიპოლოგიის მიხედვით, IV-V საუკუნეებს ეკუთვნის. არქეოლოგიურ გათხრებს მალე დავიწყებთ, იმედი გვაქვს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას მოგცემს რუსთავის ისტორიაზე“, – განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა.

 

წინა რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა