ხელოვნება და კულტურა
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, რუსთავს მდიდარი კულტურული ისტორია აქვს. 1967 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი –დღევანდელი რუსთავის მუნიციპალური თეატრი, რომლის სცენაზეც წლების განმავლობაში სპექტაკლებს დგამდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორები. რუსთავის თეატრს მრავალმა ქართველმა მსახიობმა დაუკავშირა შემოქმედებითი ცხოვრება და საკუთარი ნიჭიერებით მას აღიარება და წარმატება მოუტანა. თეატრი 500 მაყურებელზე გათვლილი დიდი დარბაზით, ექსპერიმენტული სცენით სპექტაკლების გარდა, სხვადასხვა საქალაქო კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მთლიანად განახლდა თეატრის დარბაზი და სცენა. პრემიუმ კლასის ხავერდის თეატრალური ფარდა, მოპირკეთებული იატაკი, ახალი ხალიჩა, მოწესრიგებული სველი წერტილები, რესტავრირებული საკონცერტო ჭაღი, ახალი, გაცილებით უფრო კომფორტული და რბილი სკამები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათებისა და გახმოვანების აპარატურები – ეს არასრული ჩამონათვალია თეატრის სახეცვლილებისა. ასევე, რესტავრაცია–რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის ფასადსა და ფოიეს. შეიცვალა კარ–ფანჯრები, ახალი დეკორაციები დაემატა სვეტებს, დამონტაჟდა სპეციალური განათება. განახლებულმა ფოიემ ე.წ. ივენთ ჰოლის დატვირთვა შეიძინა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის, შემოქმედებით საღამოებს, გამოფენებსა და პრეზენტაციებს მასპინძლობს.
1968 წელს შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“, რომელიც იქცა ქორეოგრაფიის ერთ–ერთ გამორჩეულ ლიდერად და დღემდე ეწევა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ხელოვნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რუსთავის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კულტურის ცენტრს, რომელსაც გააჩნია 450 ადგილიანი დიდი და 120–ადგილიანი მცირე დარბაზი. კულტურის ცენტრი სხვა სახელოვნებო დაწესებულებებთან ერთად, გაერთიანებულია მუნიციპალურ სამსახურში – “სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრში”. სამსახური ახორციელებს პროგრამას, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის კულტურულ-შემეცნებითი მოღვაწეობის და ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობას, ლიტერატურული თეატრის, ხალხური რეწვის მივიწყებული ტრადიციული დარგების აღორძინებასა და პოპულარიზაციას, ასევე ხალხური მთქმელების, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის წახალისებას, სამუსიკო, ქორეოგრაფიული და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორული ნიმუშების შეგროვების, შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის ობიექტური პირობების შექმნას ემსახურება.
პირველი ბიბლიოთეკა რუსთავში დაარსდა 1948 წელს. ამ დროისთვის, ქალაქში არსებობს მრავალფეროვანი ლიტერატული კოლექციით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელი, მდიდარი ტრადიციების მქონე ხელოვნების სკოლა, სამუსიკო სასწავლებლები, ფოკლორის სკოლა, სამხატვრო სკოლა, კამერული ორკესტრი, შვიდკაციანი ბენდი. რუსთავი სიმცირის მიუხედავად, გამორჩეულია ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კოლექტივების სიმრავლით. ყველა მათგანი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და კონცერტში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქალაქის ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე კეთილმოწყობილი სკვერი, რუსთავის ცენტრში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთთან კი მდებარეობს ბუნებრივი ტყე-პარკი „რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი“, სადაც გაშენებულია პატარა ხელოვნური ტბა. განხორციელებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოეწყო პარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ის დასვენების საუკეთესო სივრცედ იქცა. პარკში კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები, სკეიტ-პარკი და ქუჩის სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის -„street workout“-ის („ქუჩის ვარჯიში“) ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი მოეწყო. აღდგა ტბის გამშვები ნაგებობა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოხდა ტბის გაფილტრული წყლით შევსება. პარკში დამონტაჟდა სკამები, მოეწყო ხის დეკორატიული ფანჩატურები, საპიკნიკე სივრცეები, შადრევნები, დაიგო ბეტონის ბილიკები და მოეწყო ველოტრასები. მთლიანად შეიცვალა პარკში არსებული განათების სიტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკის ტერიტორიაზე არსებულ ღია ამფითეატრს. ცენტრალურ შესასვლელში კი მოეწყო, 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის სივრცე.
რუსთავში არსებობს მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1950 წელს, ცნობილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის გოგი ლომთათიძის მიერ. მუზეუმში დაცულია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც 1944 წლიდან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა მოპოვებული და ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. მუზეუმი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა სახის გამოფენას, შემეცნებით ღონისძიებასა და სამეცნიერო კონფერენციას. ასევე, იმართბა ხალხურ რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა, სადაც რუსთაველი ოსტატების მიერ შესრულებული თანამედროვე ქართული თექის და ქსოვის, კერამიკის, გობელენის, ხალიჩა–ფარდაგების, მინანქარის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია „რუსთავის ციხე“ და ძველი ნაქალაქარი. იგი არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. 2015 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი “სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის” ძალისხმევით, 2015 წელს კულტურულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა ქალაქის მთავარი მოედნის მიმდებარედ არსებულ შენობებს, კერძოდ: კოსტავას გამზირის N18-19-21-22, კოსტავას გამზირის N1-2 შენობებს, ასევე, რუსთავის თეატრის შენობას (ფიროსმანის ქ.#7) და რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკს ( წმინდა ნინოს ქ.#3).
რუსთავში ყოველი წლის ოქტომბერში ტრადიციულად, სახალხო ზეიმი – „რუსთავქალაქობა“ აღინიშნება. ამ დღისთვის, ქალაქის ხელისუფლება საგანგებოდ ემზადება და რუსთაველებს დღესასწაულს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ულოცავს. ღია ცის ქვეშ მრავალი გასართობი შოუ, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, საესტრადო და კამერული მუსიკის კონცერტები, წარმოდგენები, მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა– გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები იმართება.
გრანდიოზული ღონისძიებებით ხვდება ქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისსაც. გასართობ, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებთან და კონცერტებთან ერთად, ქალაქის მთავარ ქუაჩაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა იმართება. ტრადიციულად მრავალფეროვანია ახალი წლის აღსანიშნავი პროგრამაც, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ისე, ცნობილი, მოწვეული შემსრულებლები.
2015 წელს რუსთავმა მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ ფესტივალს – “Global Gathering’’-ს უმასპინძლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში ლიცენზირებული უცხოური მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე შეკრებილი ათასობით მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგნენ. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი კი მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების 10-გზის გამარჯვებული, ლეგენდარული DJ ,,FATBOY SLIM’’-ი იყო. “ ,,GlobalGathering’’ 2001 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი, სადაც მსოფლიო დონის DJ-ები მონაწილეობენ. საქართველოში ,,Global Gathering’’-ის ჩატარების ლიცენზია „ბრავო რექორდსმა“ მოიპოვა.
2022 წლის მაისში, რუსთავში პირველი საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი” გაიხსნა. საფესტივალო სივრცე ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიხსნა, სადაც პირველი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ,,ოქსიგენ-ფესტი” 8-9 ივლისს ჩატარდა. პირველ დღეს კი სპეციალურად მოწყობილი საფესტივალო სივრცე ელექტრონულ მუსიკას დაეთმო. მეორე დღეს, კი ,,არტ გენი” ჩატარდა. მთავარ სცენაზე, “არტ-გენის” ფარგლებში მაყურებლის წინაშე “გაგა ფრანი”, “33ა”, “REGGAEON”-ი და “სუხიშვილები” წარდგნენ.
,,ოქსიგენი” ყოველწლიური იქნება და სამომავლოდ საერთაშორისო მასშტაბსაც შეიძენს.