ნინო ლაცაბიძე: პროექტების მიმდინარეობისას ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაცია აქტიურად გვაქვს იქამდე, ვიდრე სამუშაოებს არ დავასრულებთ

რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და პროექტის დეტალები, მოსახლეობასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე კიდევ ერთხელ განიხილა.

„კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია საკმაოდ რთული პროცესია. პროექტების მიმდინარეობისას, ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაცია აქტიურად გვაქვს იქამდე, ვიდრე სამუშაოებს არ დავასრულებთ. დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამ ძირითად ქუჩაზე – თბილისის, რუსთაველზე და მესხიშვილზე გვაქვს. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ მოსახლეობასთან ერთად, თითოეული დეტალი ადგილზე კიდევ ერთხელ გაგვევლო”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მასშტაბური პროექტის პირველ ეტაპზე, სრული რეაბილიტაცია თბილისის ქუჩის #4, #16 და #20 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. ავარიული შენობების დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და გამაგრება-გაძლიერება ხდება. პროექტის პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩის შუა გამყოფი რეკრეაციის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების, სარწყავი სისტემის, გარე განათებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა გაზონები და სხვადასხვა სახეობის 1000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის პირველ ეტაპზე აღდგენა-რეაბილიტაციისა და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები #4, #16 და #20 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება. თბილისის ქუჩის შუაგამყოფ ზოლზე, პარალელურად ხდება რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცის მოწყობა. დღეს მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადგილზე გავიარეთ აღნიშნული პროექტის დეტალები”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

თბილისის ქუჩას, რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვა აქვს, განახლებული და რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობის გარდა, მთელი ქალაქი მიიღებს.
თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 282 091 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და რეაბილიტაცია, თბილისის ქუჩაზე არსებულ სხვა ავარიულ კორპუსებსაც ჩაუტარდება.

რუსთავში, კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, დღეისათვის რუსთაველის და მესხიშვილოს ქუჩებზეც მიმდინარეობს. უკვე შესყიდულია პროექტები 13 კორპუსის რეაბილიტაციის დასაწყებად.

2021-2025 წლებში რუსთავში 80 ავარიული კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

 

წინა რუსთავში შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ