რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას აგრძელებს და მომდევნო ეტაპს იწყებს.
ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილთან ერთად, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა, ძალზედ მნიშვნელოვანია.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ვაგრძელებთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას და უახლოეს პერიოდში, მორიგ ეტაპს ვიწყებთ. პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, სწორედ, მათთან ერთად გავდივართ თითოეულ საკითხს, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის ამ პროცესს. დღეს, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვიმსჯელეთ აღნიშნულ ქუჩაზე კორპუსების რეაბილიტაციაზე. ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მთავარი კორპუსების გამაგრება, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ძველი რუსთავისთვის ისტორიული, ავთენტური იერსახის შენარჩუნებაა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტი, რუსთაველის ქუჩაზე არსებული კიდევ 4 საცხოვრებელი შენობის – N40, N42, N44, N46 კორპუსების გამაგრებას, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 3 114 356 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
