ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის განვითარებაში და ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდულ-შემეცნებითი პროექტის ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია” პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ,,აღმოაჩინე რუსთავის ისტორია” პირველ ეტაპში ჩართულ რუსთაველ ახალგაზრდებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამასთან ერთად, ახალგაზრდებმა, როგორც რუსთავის ისტორიული ციხის სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა, ფირფიტებზე საკუთარი სახელები და გვარები დაიტანეს და სპეციალურ სტენდში წარწერით – ,,მე აღმოვაჩინე ჩემი ქალაქის ისტორია“ მოათავსეს.

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის ისტორიული ციხე-ქალაქის შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში და საკუთარი ქალაქის ისტორიის აღმოჩენაში მონაწილეობის მიღებისთვის, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს.

,,ჩვენს ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის განვითარებაში და ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ. მათ შესაძლებლობა აქვთ რუსთავის დიდი ისტორიის აღმოჩენაში მიიღონ მონაწილეობა და მიხარია, რომ არქეოლოგიურ ექსპედიციაში უკვე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. დღეს მათ მადლობა გადავუხადეთ ამისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი „აღმოაჩინე რუსთავის ისტორია” რუსთავის შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება და ამ ეტაპზე მასში 500-ზე მეტმა მე-12 კლასელმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდებთან ერთად, ღონისძიებას რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ციხე-ქალაქის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ნაზიბროლა პაჭიკაშვილი და ექსპედიციის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს ხელოვნების სასახლის, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასთან ერთად, ისინი ახალგაზრდებს რუსთავის უძველეს ისტორიაზე და ციხე-ქალაქის არქეოლოგიურ ექსპედიციაზე ესაუბრნენ.

პროექტი ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველ რუსთაველ ახალგაზრდებს აერთიანებს და მშობლიური ქალაქის ისტორიის კვლევის პროცესში, პროფესიონალებთან ერთად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.

რუსთავის ისტორიული ციხე-ქალაქის შუა საუკუნეების სასახლის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ექსპედიციამ, თავისი პირველი აღმოჩენები უკვე გააკეთა.

 

 

წინა რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ