ნინო ლაცაბიძე: ,,მართე შენი ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ მათი დასაქმების მიმართულებითაც
რუსთავის მერიამ პროექტის ,,მართე შენი ქალაქი“ მე-9 ეტაპი დაიწყო.
პროექტი რუსთაველი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის მუშაობაში ჩართვის და დასაქმების მიზნით ხორციელდება.
პროექტის მე-9 ეტაპის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ,,ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.
,,მართე შენი ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ მათი დასაქმების მიმართულებითაც. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, მუნიციპალური სამსახურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით, ასევე, მათ შესაძლებლობა აქვთ მუშაობა დაიწყონ მერიის იმ სამსახურში, რომელსაც მათი პროფესია შეესაბამება. დღეს, პროექტის მეცხრე ეტაპი დავიწყეთ და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,,მართე შენი ქალაქი” სტუდენტური სტაჟირების პროგრამაა. პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით ხდება და მერიის სხვადასხვა სამსახურში სტაჟირების პროცესი, ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერიაში, პროექტის სხვადასხვა ეტაპის მონაწილე 30-ზე მეტი ახალგაზრდაა დასაქმებული.
რუსთავის მერია ახლაგაზრდების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. 2022 წლიდან დღემდე, სწავლის დაფინანსების პროგრამით, 10 000-მა რუსთაველმა სტუდენტმა ისარგებლა, 1500 წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა სპორტსმენი ყოველთვიურად სარგებლობს სტიპენდიის პროგრამით, სახელოვნებო განათლება, კი 1400 რუსთაველ ბავშვს უფინანსდება. სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამაში, 3 წლის განმავლობაში, 5000-მდე რუსთაველ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.