რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები 172 631 084 ლარითაა განსაზღვრული და ზრდის ტენდენცია, გასული წლების მსგავსად, კვლავ შენარჩუნებულია.
საკრებულოს წინაშე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ქალაქის მერმა, საკრებულოს წევრებს ახალი პროექტები, პროგრამები, 2026 წლისთვის დასახული გეგმები გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„რუსთავის ბიუჯეტი ოთხი წლის შემდეგ პირველად, ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, კანონით განსაზღვრულ ვადებში საქმიან გარემოში განიხილა და დაამტკიცა. სწორედ ეს არის განსხვავება წინა მოწვევის საკრებულოს დესტრუქციულ თავყრილობასა და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებულ წარმომადგენლობით ორგანოს შორის. 2026 წელს ჩვენი ქალაქი, კვლავ გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, რუსთავის განვითარებისთვის აუცილებელი ახალი პროექტების დასაწყებად აბსოლუტურად მზად ვართ. 2026 წლის ბიუჯეტის საწყისი პარამეტრები 172 631 084 ლარითაა განსაზღვრული და რეალურ პროგნოზებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში, კიდევ რამდენიმეჯერ გაიზრდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულოს 25 წევრიდან, 2026 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 22-მა, მათგან 21-მა „ქართული ოცნებიდან” და ერთმა „კონსერვატორები საქართველოსთვის”დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან „ლელოს” და „გირჩის” წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს, „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი კი სხდომას არ დაესწრო.
„რუსთავის საკრებულოს მიერ დღეს ბიუჯეტის პირველივე წარდგენით დამტკიცება, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო მიზნების მისაღწევად გუნდურად იმუშაოს საკრებულომ და მერიამ”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 80 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული და პრიორიტეტები ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის შიდასაუბნო სივრცეების განვთარება იქნება. გაგრძელდება უკვე დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: თბილისის, რუსთაველის მესხიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ძალიან მალე დაიწყება ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპირიოს ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება მე-19 მიკრორაიონში და აღმაშენებლიდან ხანძთელის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე. დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი, გრძელდება ახალი ლიფტების და კორპუსების კეთლმოწყობისთვის განსაზღვრული პროექტები. დაიწყება კულტურული და სპორტული დანიშნულების ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. არსებულ 34 სოციალურ პროგრამას, წლის განმავლობაში ახალი მიმართულებები დაემატება და გაიზრდება სპორტული, ახალგაზრდული, კულტურული პროექტებისთვის, განათლების ხელშეწყობისთვის და ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრებიც.
