რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში სულ ფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება.
რუსთაველი ახალგაზრდების ექსპედიციაში ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ პროექტი – „აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ დაიწყო.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ისტორიული ციხის ტერიტორიაზე შეხვდა.
„რუსთავის ისტორიულ ციხეზე გრძელდება მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია, სადაც ახალგაზრდების ჩართულობით დღეს ახალი პროექტი დავიწყეთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე 500-ზე მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული, რომ მონაწილეობა მიიღოს რუსთავის ისტორიის აღმოჩენებში. ჩვენი მთავარი მიზანი ექსპედიციასთან ერთად, არის ის, რომ ჩვენი ქალაქის ისტორია გაიგოს რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, გაიგოს როგორც ჩვენმა ქალაქმა, ასევე მთელმა ქვეყანამ, რომ რუსთავს, რომელსაც ახალი ინფრასტრუქტურით ვაშენებთ, ძალიან დიდი ისტორია აქვს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტი – ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველ რუსთაველ ახალგაზრდებს აერთიანებს და მშობლიური ქალაქის უძველესი წარსულით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეები, რუსთავის ისტორიის კვლევის პროცესში, პროფერსიონალებთან ერთად დღეიდან ჩაერთნენ.
რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ექსპედიციამ, თავისი პირველი აღმოჩენები უკვე გააკეთა.