რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტურ პროგრამას – ,,მართე შენი ქალაქი“, მეხუთე წელია ახორციელებს.
პროგრამის ახალ მეათე ეტაპში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.
ნინო ლაცაბიძემ, მათ რუსთავის მერიის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
,,მართე შენი ქალაქი“ რუსთავის მერიის გუნდისთვის, ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ამ პროექტის ფარგლებში, დღემდე ასობით ახალგაზრდა ჩაერთო. ისინი აქტიურად ეცნობიან მერიის სხვადასხვა სამსახურების მუშაობის სპეციფიკას. რუსთავის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, ახალგაზრდების მოსაზრებები და რეკომენდაციები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურებში, დღემდე ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 40 ახალგაზრდა დასაქმდა. პროგრამა ,,მართე შენი ქალაქის“ მთავარი მიზანი, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა.
რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკა მოიცავს სრულ ციკლს განათლების ხელშეწყობიდან კარიერული ზრდამდე.
