საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში №23 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ასრულებს. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, ახალი საბავშვო ბაღი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან ერთად დაათვალიერეს.
,,რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, დღეს უპრეცედენტოდ ბევრი პროექტი ხორციელდება და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ქალაქში 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. #23-ე საბავშვო ბაღი უკვე დასკვნით ფაზაზეა. ეს პროექტები რა თქმა უნდა, ჩვენი პატარებისთვის თანამედროვე და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისას ბავშვთა ნაკადის ზრდაც გავითვალისწინოთ და ჯგუფებს ვამატებთ. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის კარგი მაგალითია, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები და ის მიმართულებები, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებზეა ორიენტირებული, კიდევ უფრო მოწესრიგებული და განვითარებული იყოს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის #23-ე ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა: მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
,,რუსთავში, #23-ე ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის როგორც შიდა ინტერიერი, ასევე ბაღი დაიტვირთა ახალი ინვენტარით, გარეთ მოეწყო გამწვანებული ეზო და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გახსნა შესაძლებელი იქნება. რუსთავში, დღეისათვის 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ჯამური ბიუჯეტი 23 მილიონ ლარს აჭარბებს. ასევე დაგეგმილია კიდევ 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია”, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ.
რეაბილიტაციის შედეგად, 200 ბავშვისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. განახლებული ბაღი მოიცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. მოწესრიგდა უსაფრთხოების, გათბობის, ელექტრომომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები.
#23-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა. მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში, ჯამში, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 23 427 825 ლარს შეადგენს.