განცხადებები

მუნიციპალური სერვისები

ელექტრონული სერვისები

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების ელექტრონული სერვისების ერთიანი სახელმწიფო პორტალის (MS.GOV.GE) საშუალებით გაცემა.

სამშენებლო ნებართვის მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და განაცხადი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად, MS.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის გზით წარადგინონ.

MS.GOV.GE პორტალზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

MS.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა. დავიწყებული PIN კოდის აღსადგენად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ხოლო ID ბარათის პროგრამის ინსტალაციისა და ინსტრუქციებისთვის ეწვიონ ვებგვერდებს info.sda.gov.ge/ID და id.ge.


სტუდენტთა სწავლის დაფინანსება 

პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის დაფინანსებას. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება  სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, დაფინანსება განსაზღვრულია: 

ა) 81 ქულიდან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
ბ) 90 ქულიდან 95 ქულამდე არაუმეტეს 1000 ლარით;
გ) 95 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.

85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები დაფინანსდებიან არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

სტუდენტებს უფინანსდებათ ერთი სასწავლო წლის გადასახადი არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ოდენობისა. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს (2021-2022 წლის).
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებსაც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პირი, რომლელსაც აქვს, რუსთავის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში აქტიური რეგისტრაცია; ბ) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადების შემოტანამდე 2 (ორი) თვით ადრე; გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი შესაბამისი ორგანოს მიერ; დ) პირი, რომელიც ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია ბოლო 2 წელი(მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - რუსთავი). თითოეულ პირზე დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 
ქვეპროგრამის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა მიერ თავშესაფრის დატოვების შემდგომ პერიოდში, რესოციალიზაცისაა და საწყისი ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა, მისი ღირსების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მხარდაჭერა თავშესაფრის დატოვების შემდგომი არსებული გამოწვევებისა და
კრიზისული სიტუაციის დაძლევაში.

მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ის მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული და გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, კომპიუტერული გამოკვლევები 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.  გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. 

მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება

ქვეპროგრამის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, 0-18 წლის ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვებისა და მოზარდების (სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსება და დიაბეტით დაავადებული  0-18 წლის ასაკის ბავშვების და მოზარდების სახელმწიფო პროგრამის ზევით გლუკომეტრების შესაბამისი ტესტ-ჩხირებით უზრუნველყოფა. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. ქვეპროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების შესაძენად განსაზღვრული დაფინანსება შეადგენს ომის მონაწილეებისათვის, ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, დანარჩენი კატეგორიისათვის, ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 200 (ორას) ლარს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 0-დან  18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის გათვალისწინებულია წელიწადში არაუმეტეს 4 (ოთხი) კოლოფის ოდენობით.

აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება

ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ( ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობის ჯგუფის  (F84.0-F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლის ასაკის მქონე ბავშვები (შემდგომში ბენეფიციარი). პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) აუტიზმის მქონე ბავშვების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების  და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა. თითოეულ ბენეფიციარს თვეში დაუფინანსდება 17 მეცადინეობა და თითოეული სეანსის ღირებულება შეადგენს 21 ლარს. თვეში 12 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 8 სეანსი. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსების ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე. 

გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება

ქვეპროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62, G80, Q90) მქონე ბავშვები (შემდგომში ბენეფიციარი) 2-დან 18 წლამდე ასაკის ჩათვლით. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული (განცხადების მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (შემდგომში ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს საკურორტო/სარეაბილიტაციო მომსახურებას G90 და Q80 დიაგნოზის 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, წლიური ლიმიტი განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო R62 დიაგნოზის 0-დან 15 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისვის წლიური ლიმიტი 2000 ლარით. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა

აღნიშნული ქვეპროგრამით თითოეული ბენეფიციარის მომსახურება ფინანსდება  თვეში 80 ლარით. ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული (განცხადების მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში) მოქალაქეების (შემდგომში - ბენეფიციარი) ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას.  გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. ბენეფიციარი ვალდებულია 2021 წლის პირველ თვეში  და მეექვსე თვის  დასრულებისას მომდევნო თვის 25 რიცხვის ჩათვლით, წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა). აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა,  ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით  დადგენილი დახმარება. 

მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები,
რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ოთხ ლოკაციაზე არსებული უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას/არსებული შემადგენლობის განახლებას უზრუნველყოფს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, ნუტრიციოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე.

სარიტუალო მომსახურებები

პროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრების, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი/ები-ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას. 

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 300,00 ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი.
იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის)ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 200,00 ლარი, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯებისთვის გარდაცვლილზე 400,00 ლარი.

შეღავთი სასმელი წყლის გადასახადზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება. 

სოციალურად დაუცველ პირთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  150 000-ს  და რეგისტრირებული არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ერთი თვის მანძილზე, თითოეული ბენეფიციარის მგზავრობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ტრანზაქციას. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. 

ვეტერანთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ  ქალაქ რუსთავში მცხოვრები ვეტერანები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან რუსთავში არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და შესაბამისი უწყების მიერ მიღებული აქვთ ვეტერანის მოწმობა (სტატუსი) და ფიქსირდებიან სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში. თვის მანძილზე, თითო ბენეფიციარის მგზავრობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ტრანზაქციას. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

სსიპ-იებისა და ააიპ-ების თანამშრომელთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სსიპ ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა)იპ რუსთავის „სახელოვნებო, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული განვითარების ცენტრის“,  ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“, ა(ა)იპ „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“, ააიპ „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლების საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობით უზრუნველყოფას, რომლებიც ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). თვის მანძილზე, თითო ბენეფიციარის მგზავრობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ტრანზაქციას. გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

შშმ პირთა  შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსით „უსინათლო“ პირებისა და პირველი ჯგუფის შშმ პირების, რომლებიც ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) საქალაქო მგზავრობის უზრუნველყოფას. თვის მანძილზე, თითო ბენეფიციარის მგზავრობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ტრანზაქციას გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

სტუდენტთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების, სკოლის მოსწავლეებისა და პენსიონერებისთვის, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) შეღავათებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე.

ომის ვეტერანთა კომუნალური მომსახურების დაფარვა

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ): ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები; ბ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების; გ) 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები. პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას წლიურად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

უხუცეს მოქალაქეთა დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გათვალისწინებულია თითოეული ბენეფიციარის დახმარება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების კომუნალური გადასახადის დაფარვა

ქვეპროგრამის მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და განმცხადებლისთვის 2-წლიანი რეგისტრაცია. ამ პროგრამის მიზნებისთვის, რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას, ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. გათვალისწინებულია სავარაუდოდ 18 ოჯახის დახმარება. გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადები მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით.

დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მიიღებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირები მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ყოველი წლის 9 მაისს. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

საბრძოლო ოპერაციებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებისას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რომლებიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). პროგრამა ითვალისწინებს თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას. პროგრამით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება. დახმარება გაიცემა არაუმეტეს  ყოველი წლის 8 აგვისტოს. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) 150 ლარის ოდენობით,  პროგრამა გათვლილია 51 ბენეფიციარზე და დახმარება გაიცემა არაუმეტეს 27 სექტემბრისა. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

შშმ პირთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო და ამასთან, დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. ქვეპროგრამა ითვალისწინებს 480 ლარის ოდენობით ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გადასახადებში ხელშეწყობას, საიდანაც 240 ლარის ოდენობით იფარება ელექტროენერგიის გადასახადი და 240 ლარით ბუნებრივი აირის გადასახადი. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

შშმ ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომლებსაც გამცილებლის მეშვეობით, ესაჭიროებათ გადაადგილება  სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და სახელმწიფო დაწესებულებებში. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

სტუდენტთა სოციალური დახმარება

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, ბ) არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;  გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან); დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან). დახმარება მოიცავს თვეში ერთხელ 60 ლარის ოდენობას. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

სოციალური დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს), დღის ცენტრისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარების, შპს „მუნიციპალური მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარების“, ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახების (მცხოვრები და რეგისტრირებული), მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების დახმარებას.
გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა

ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის მცხოვრები რეგისტრირებული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას და ფინანსურ დახმარებას წელიწადში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით. პროგრამის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში სულ მცირე 2 წელი გაატარეს. პროგრამა განკუთვნილია 18-24 წლის ახალგაზრდებისათვის.

„ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დაბადებიდან თვრამეტ წლამდე, ბავშვი/ბავშვები, ვისაც ემუქრება ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა ან/და ვერ ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია. პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით. სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა (საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით) და საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით.


უფასო სასადილოები  

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და მათი დახმარების მიზნით, ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას. ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ ქვეპროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სასადილოების ქსელში, უფასო ერთჯერად კვებას სთავაზობს.  სულ ქალაქში ფუნქციონირებს 4 უფასო სასადილო, სადაც მოქალაქეებს უფასო კვება კვირაში შვიდი დღე, დღეში ერთჯერადად შეუძლიათ. საკვების რაციონი შეიცავს სხვადასხვა სახეობის კერძს. ადგილზე მომსახურების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე ორ და მეტ სულიან ოჯახებისთვის ცხელი კერძის ბინაზე გატანებას. უფასო სასადილოებში კვების პროგრამას რუსთავის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს, თუმცა, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახური მკაცრად აკონტროლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას და მუდმივ მონიტორინგს უწევს პროგრამის მიმდინარეობას.

მუნიციპალური მოხუცთა სახლი

რუსთავში, ფუნციონირებს  ა(ა)იპ „რუსთავის მოხუცებულთა სახლი“,  რომელიც ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში და მარტოხელა, სოციალურად დაუცველ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოხუცებს უფასო საცხოვრებელსა და კვებას სთავაზობს.  მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულები ასევე, უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო–სოციალური  მომსახურებით.

უფასო სკოლამდელი აღზრდა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ა(ა)იპ "რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანება", რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებას. ქალაქში სულ ოცდაერთი ბაგა–ბაღია, სადაც რუსთაველი ბავშვებისათვის  სააღმზრდელო პროცესი, კვება და სხვა მომსახურება უფასოა.

უფასო საარქივო მომსახურება

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში, ქალაქში ფუნქციონირებს მუნიციპალური არქივი, სადაც დაცულია მუნიციპალური საარქივო ფონდი. რუსთავის მოქალაქეებისათვის არქივიდან დოკუმენტაციის მოძიების მომსახურება სრულიად უფასოა.

შშმ პირთა დახმარება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, რუსთავში ფუნქციონირებს სპეციალური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. მუნიციპალური სამსახური – ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის მომსახურებას სრულიად უფასოდ სთავაზობს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითვე ხორციელდება სოციალური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რუსთავში რეგისტრირებული აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დაფარვას.

მაწანწალა ძაღლების მოვლა–მონიტორინგი

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო, მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობას ქალაქის მუნიციპალური სამსახური - ა(ა)იპ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი''  უზრუნველყოფს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #10 დადგენილების შესაბამისად (ჩამოტვირთეთ)სპეციალურად ამ მიზნით, სამსახურში შექმნილია მიუსაფარი ძაღლების დროებითი თავშესაფარი, რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით, უზრუნველყოფს მათზე ვეტერინარულ მონიტორინგს. სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვისათვის შექმნილია ლაბორატორია, შესაბამისი აღჭურვილობით (მიკროსკოპი, ცენტროფუგა, კოლბები, საოპერაციო მაგიდა, სტერილიზატორი, საოპერაციო-ქირურგიული ხელსაწყოები), ასევე, მოწყობილია ვოლიერები ცხოველთა დროებითი იზოლაციისათვის. სამსახური უზრუნველყოფს ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, ანტიბაქტერიულ ვაქცინაციას, ცხოველთა იდენტიფიკაციას, ცხოველთა დანომვრას სპეციალური საყურე ნიშნით, დაავადების შემთხვევაში კი ცხოველის ჰუმანური მეთოდებით ევთანაზიას. აღნიშნულ მომსახურებას სამსახური რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს.

უფასო ეპიდემიური ზედამხდველობა

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეპიდემიური ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებებს ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებით, ახორციელებს ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი". მომსახურება, რომელსაც ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს, ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებას – დერატიზაციას, მალარიისა და ცოფის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას, შხამიანი ცხოველების (ძირითადად ქვეწარმავლების და მორიელების)  გაუვნებელყოფას, ეპიდემიების პრევენციის ზომებსა და სხვა . აღნიშნული მომსახურებები მოქალაქეებისთვის უფასოა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მხარდაჭერის" პროგარამა, რომელიც ითვალისწინებს თანადაფინანსებით ან ბიუჯეტიდან სრული დაფინანსებით, კორპუსებში არსებული კომუნალური თუ სხვა სახის პრომლემების  გადაწყვეტას მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. პროგრამას, მუნიციპალური  სამსახური - ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი", სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს.