რუსთავში, „ოქსიგენ ფესტი“ სლოგანით – „ჩაისუნთქე ისტორია“ წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიული ციხის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.
ფესტივალმა რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, ორი დღის განმავლობაში, 5-6 ივლისს უმასპინძლა. წელს „ოქსიგენი“ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოებითა და საზეიმო მიღებით გაიხსნა. გაიმართა ახალგაზრდული გუნდის „თუთარჩელას“ კონცერტი.
რუსთაველ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრება მიულოცა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა.
„ოქსიგენი“ წელს განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ ორი ტრადიცია გავაერთიანეთ. გვქონდა გრანდიოზული მადლიერების საღამო – მედალოსნების დაჯილდოებითა და საზეიმო მიღებით. ვამაყობთ, რომ ჩვენს ქალაქს 165 ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. ფესტივალის მეორე დღეს „ოქსიგენის“ მუსიკალური ნაწილი გვქონდა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ქალაქში „ოქსიგენი“ ახალგაზრდების გაერთიანებასა და იმ ღირებულებების დაცვას ემსახურება, რის გამოც შეიქმნა. ფესტივალის მიზანი იყო ის, რომ ჩვენს დიდ ისტორიასთან კიდევ უფრო ახლოს მივსულიყავით და სწორედ აქ რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან, უკვე მეოთხედ გავერთიანდით სლოგანით – „ჩაისუნთქე ისტორია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.რუსთავში.
„ოქსიგენ ფესტის“ ფარგლებში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ სპორტულ-საინფორმაციო აქტივობა გამართა, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა. 20-დან 30 ივლისის ჩათვლით, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, საქართველო, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერ აქტივობაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა მერაბ ბაზაძემ და ფარიკაობის ნაკრების წევრებმა მიიღეს.
„ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცის კარი, კი გუშინ, ტრადიციულად, 18:00 საათზე გაიღო. მეორე დღე სრულად ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს დაეთმო. რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრებისთვის მუსიკალურმა ჯგუფებმა და ბენდებმა – „ჯეობიტ ფროდაქშენმა“, „დესპანმა“ და „ოჩოს ქოხმა“ იმღერეს, გაიმართა მურო გაგოშიძის ქორეოგრაფიული შოუ. „ოქსიგენი-2025“, „ფრანის“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი და ჯგუფ REGGAEON-ის გრანდიოზული კონცერტებით დასრულდა.