რუსთავის მერიამ 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ერთად განიხილა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კომუნალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს რუსთავში განხორციელებული პროექტები და 2026 წლის გეგმები განიხილეს, ამასთანავე მუნიციპალიტეტსა და კომუნალურ კომპანიებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

„სემეკის ჩართულობით კომუნალურ კომპანიებთან გავმართეთ შეხვედრა, ვისაუბრეთ 2026 წლის იმ მთავარ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. განსაკუთრებით წყალმომარაგების კუთხით არის მნიშვნელოვანი სამუშაოების გაგრძელება, ასევე სხვა კომუნალური კომპანიების ჩართვა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ვადების ფარგლებში განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც 2026 წელს დავგეგმავთ”,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ და სს „საქორგგაზი“ კომუნალური მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, 2026 წელს დაასრულებენ მიმდინარე სამუშაოებს და ახალ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ.

„2025 წელს განხორციელებულ პროექტებზე ვისაუბრეთ კომუნალურ კომპანიებთან და მოვისმინეთ მათი ანგარიშები, ასევე დავგეგმეთ 2026 წლის პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ პროექტებთან სინქრონში იყოს. იმისთვის, რომ პროექტები ხარისხიანად და მოწესრიგებულად განხორციელდეს, ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს და შემდგომ მუნიციპალიტეტმა მოაწესრიგოს მიწისზედა ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით კომუნალური კომპანიები 2026 წელს რუსთავში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, სემეკის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე: მთელი ქალაქის სახელით გადავუხადეთ მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რუსთავი ამაყობს მათი წარმატებებით