რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორმა კევინ მაკლოკლინმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერას, რუსთავის მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ.

,,რუსთავის მერიის გუნდის მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელებაში, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეთანხმება, მემორანდუმი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას და სისტემების გაძლიერებას. ჩვენი ნებისმიერი რეფორმა, რომელიც დღეს დაწყებული გვაქვს, ორიენტირებულია და ერთადერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტიანი გახდეს მუნიციპალური სერვისები თითოეული რუსთაველისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

USAID-ის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ნეიტრალური, გამჭვირვალე და მონაწილეობითი შერჩევის პროცესის შედეგად, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს შორის, პროგრამის პარტნიორად, რუსთავიც შეირჩა და ადგილობრივი საჭიროებების კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა 5 წლიანი ინიციატივაა, რომლის ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და საქართველოს მასშტაბით 22 მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. რუსთავსა და ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვიწყებთ მუშაობას. დღევანდელი ღონისძიება დაგვირგვინებაა 3-თვიანი ერთობლივი სამუშაო პროცესის, რომლის შედეგადაც შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რათა მხარი დავუჭიროთ რუსთავის მუნიციპალიტეტს მოქალაქეებისთვის უფრო გამჭვირვალე და გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებაში”, – განაცხადა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.

 

წინა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი – ,,საქართველო – აწმყო, მომავალი და წარსული“ გახსნა